მანჩესტერში რონალდუ აღარ უნდათ? გამოკითხვის უცნაური შედეგები

პოპულარულმა გვერდმა Athletic-მა მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. ფანებს უნდა დაეფიქსირებინათ სურდათ თუ არა მომავალ სეზონში კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერში ხილვა. საკვირველია, მაგრამ 55%-მა განაცხადა, რომ ურჩევნია რონალდუმ გუნდი დატოვოს.

მანჩესტერის ფანთა უმრავლესობის არჩევანი გასაკვირი იმიტომ არის, რომ რონალდუს ამ სეზონში იუნაიტედის ფეხბურთელთგან ყველაზე მეტი 15 გოლი აქვს გატანილი.  გარდა ამისა იგი მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია.

მანჩესტერის გულშემატკივართა გულისწყრომა ალბათ იმან გამოიწვია, რომ რონალდუმ წელი არცისე კარგად დაიწყო. შარშანდელიდან მოყოლებული მას ზედიზედ 6 მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი. ეს უსიამოვნო ტრადიცია კრიშტიანუმ ბრაიტონთან გოლით დაარღვია.

კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერში შარშან ზაფხულში 12 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. პორტუგალიელმა ამ სეზონში იუნაიტედის რიგებში 28 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

მანჩესტერი პრემიერლიგაში 44 ქულით მე-4 ადგილზეა. გუნდი ჩემპიონთ ლიგის 1/8 ფინალისთვის ემზადება, სადაც 23 თებერვალს მადრიდის ატლეტიკოს დაუპირისპირდება.

Leave a comment

Your email address will not be published.