„მანჩესტერ იუნაიტედი“, ზამთრის ტრანსფერებისას, არავაქცინირებული ფეხბურთელის შეძენაზე უარს ამბობს!

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ რალფ რანგნიკის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, კლუბის მართვის მთელი სათავეები მასვე გადააბარა. 63 წლის გერმანელი სპეციალისტი სხვადასხვა წლების განმავლობაში „შტუტგარტში“, „ჰანოვერში“, „შალკეში“, „ჰოფენჰაიმსა“ და „ლაიპციგში“ მუშაობდა, ბოლოს კი მოსკოვის „ლოკომოტივში“ სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

რალფი მედიასთან ხშირად არ ჩნდება, თუმცა მისი საუბარი ყოველთვის საინტერესოა. ბოლო პუბლიკაციაში, სადაც ის ინგლისურ მედიას ესაუბრა, საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, სატრანსფერო ფანჯრის დროს, კლუბი არავაქცინირებულ ფეხბურთელს არ შეიძენს. ამან კუნძულზე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის შეხვედრებში 16-დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ნიუკასლში დაბრუნდა. გუნდმა ორი სათამაშო ტური სწორედ COVID სიტუაციის გამო გამოტოვა. რალფის განცხადებით ვირუსი სახიფათო და საშიშია. მისივე თქმით, ყველას ვალია, მის დამარცხებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და ვაქცინაცია ჩაიტაროს.

 

„ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, ფეხბურთელი რომელიც აცრის კურსს არ ჩაიტარებს, შეიძლება სრულიად გამოუყენებელი აღმოჩნდეს, გვაქვს ჯოშუა კიმიხის მაგალითი, რომელმაც მიუნხენში ვაქცინაციაზე უარი განაცხადა, შემდეგ სამწუხაროს მას ვირუსი დაუდასტურდა, მართალია დაამარცხა, თუმცა ფილტვების პრობლემებს დღემდე უჩივის და გუნდს ახლაც ვერ ეხმარება. ის ინტენსიურ მკურნალობის კურსს გადის და იმედი მაქვს, ახალი წლიდან „ბაიერნის“ რიგებს შეუერთდება. თუმცა ამ შემთხვევამ დაგვანახა, რამდენად აუცილებელი და საჭიროა ვაქცინაცია“, – ამბობს რანგნიკი.

თავის მხრივ, იმავე აზრს იზიარებს „ლივერპულის“ თავკაცი იურგენ კლოპი. გერმანელმა სპეციალისტმა ამ თემაზე წინა ტურების პრესკონფერენციებზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლის ერთადერთი ბერკეტი ვაქცინაციაა და ფეხბურთელებს ამისკენ მოუწოდა.

Leave a comment

Your email address will not be published.