ა.შ.შ-ში სტარტი აიღო ინდიან-უელსის საჩოგბურთო მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპმა. სამწუხაროდ, პირველი წრეში დამარცხდა მარიამ ბოლქვაძე. ქართველმა ჩოგბურთელმა 6:7 2:6 დათმო მატჩი ავსტრალიელ მედისონ ინგლიშთან (N 127 მსოფლიო რეიტინგში).
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა, ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. მე-5 გეიმში მარიამი გააქტიურდა და პირველივე შანსის გამოყენებით დააბრეიკა მეტოქე 3:2.
სამწუხაროდ ქართველმა მალევე დაკარგა ეს უპირატესობა – ინგლიშმა ზედიზედ სამი გეიმი მოიგო (აქედან ორი მეტოქის ჩაწოდებაზე) და 5:3 დაწინაურდა.
ბოლქვაძემ გაიბრძოლა – მეორეჯერ აართვა მეტოქეს ჩაწოდება და მალე წონასწორობაც აღადგინა 5:5.
სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც მარიამმა საწყისი 3 ქულა დათმო და შემდეგ ვეღარ „ამოქაჩა“ ჩამორჩენა 2:7.
მეორე სეტის სტარტზე ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ფსიქოლოგიურ უპირატესობასთან ერთად ანგარიშშიც დიდი ჰანდიკაპი მოიპოვა – მოიგო რა ზედიზედ 4 გეიმი – 4:0.
საქართველოს მეორე ჩოგანმა გაიბრძოლა და ერთი უკუბრეიკი შეასრულა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მატჩის გადასარჩენად. საბოლოოდ 6:7 2:6 – მედისონ ინგლიშის დამსახურებული გამარჯვება.
შეხვედრა 2 საათსა და 9 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ბოლქვაძის ანგარიშზე 1 ეისი, 6 ორმაგი შეცდომა და 3 ბრეიკი გახლდათ. თავისმხრივ ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა 2 ეისის წილ 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 11 ბრეიკპოინტიდან 5-ის რეალიზება შეძლო.
მარიამის მთავარი პრობლემა საკუთარი ჩაწოდება გახდა, ვინაიდან ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ ჩაწოდებაზე გათამაშებული ქულების 56% მოიგო (55-დან 31), ხოლო მეორე ჩაწოდებაზე მხოლოდ 36% (25-დან 9).