ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გრძელდება ITF-ის W60 კატეგორიის ტურნირი, რომელზეც წარმატებით ასპარეზობს მარიამ ბოლქვაძე.
საქართველოს პირველმა ჩოგანმა 1/2 ფინალში 6:4 6:4 სძლია ბელარუს იულია ჰატოუკას (N262 მსოფლიო რეიტინგში) და ტურნირის ფინალში გააღწია.
შეხვედრის სტარტზე მარიამმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:1 დაწინაურდა.
მე-7 გეიმში ქართველმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის ჩაწოდება და სეტში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც ბოლქვაძემ 6:4 მოიგო.
მეორე პარტიის სტარტზე გოგოებმა ბრეიკები გაცვალეს და ანგარიში 3:3 გახდა. თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე სეტის მე-9 გეიმში მარიამმა პირველივე ცდით შეძლო მეტოქის გეიმის მოგება და მატჩზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა 5:4.
მე-10 გეიმში ბოლქვაძემ 4 მატჩპოინტი ვერ გამოიყენა, თუმცა მეხუთე მცდელობით შეძლო და შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა 6:4 6:4.
მარიამი პირველად გავიდა ITF-ის W60 კატეგორიის ტურნირის ფინალში, სადაც მისი მეტოქე შალიმოვა/სავინიხს შორის გამარჯვებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძეს კარიერის განმავლობაში ITF-ის 5 ტიტული აქვს მოგებული.
2015 წელი, შარმ ელ შეიხი, W10 ბოლქვაძე – გიორჩესკა 6:1 6:4
2016 წელი, შარმ ელ შეიხი, W10 ბოლქვაძე – ჟუკი 6:3 7:5
2016 წელი, ბათუმი, W10 ბოლქვაძე – პოსპელოვა 6:4 7:6
2017 წელი, კაირო, W15 ბოლქვაძე – კამპიზი 6:3 3:6 7:6
2019 წელი, ოდიბოსი, W25 ბოლქვაძე – დიაზი 6:2 7:6