NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “იუტა” ესტუმრა “ჰიუსტონს” და მეტოქე 131:114 დაამარცხა. მატჩის საუკეთსო კალათბურთელი “ჯაზის” ფინელი ლეგიონერი – ლაური მარკანენი გახდა, რომელმაც კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა, ჩააგდო რა 49 ქულა.
“იუტას” 25 წლის ფორვარდმა პარკეტზე 36 წუთი გაატარა, 27 ნასროლი ბურთიდან 15 ჩააგდო, 15-დან 6 სამქულიანის რეალიზება მოახერხა,ხოლო საჯარიმოს ხაზიდან შეუცდომელი იყო 13-დან 13. ფინელის ანგარიშზე ასევე გახლდათ 8 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება.
ლაურიმ პირველივე მეოთხედში შეძლო 18 ქულის დაგროვება, რისი წყალობითაც “ჯაზი” ანგარიშში წინ გაიქცა. “როკეტსმა” მესამე მეოთხედში შეძლო ჩამორჩენის გაქვითვა და წინაც გავიდა, თუმცა მარკანენის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე “იუტა” დროულად გამოფხიზლდა – 10:0 გაქცევა მოაწყო და ლიდერობა დაიბრუნა.
უკანასკნელ, მეოთხე მეოთხედში სტუმრები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ მოპოვებულ ჰანდიკაპს და მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს.
ლაური მარკანენის წინა რეკორდი 38 ქულა გახლდათ, რომელიც მან ორჯერ დააფიქსირა.
ფინელი ფორვარდი NBA-ში კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. მარკანენი საშუალოდ მატჩში 24,5 ქულას, 8,4 მოხსნას და 1,9 შედეგიან გადაცემას აგროვებს.