ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში გრძელდება ATP CUP-ის რიგით მესამე გათამაშება. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 0-3 დამარცხდა.
პოლონეთთან გასამართი სამ მატჩიანი სერიის წინ საქართველომ მნიშნელოვანი დანაკლისი განიცადა – ნიკა ბასილაშვილმა ტრავმის გამო უარი თქვა მატჩში მონაწილეობაზე, შესაბამისად პირველი ჩოგანი ალექსანდრე მეტრეველი გახდა, ხოლო მეორე ჩოგანი ალექსანდრე ბაკში.
პირველები კორტზე ბაკში და კამილ მაჩრაკი გავიდნენ. ალექსანდრე ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 972-ე ადგილს იკავაებს, მისი მეტოქე კი 117-ეა. კლასში სხვაობა პირველივე წუთებიდანვე დაეტყო მატჩს, პოლონელმა ჩოგბურთელმა 54 წუთში 6:1 6:1 იმარჯვა და საკუთარ ქვეყანას პირველი ქულა მოუტანა.
ბასილაშვილის ტრავმის ფონზე, მეტრეველს (N 571) ჰუბერტ ჰურკაჩთან მოუწია დაპირისპირება. მსოფლიო რეიტინგის მე-9 ჩოგანი მატჩის უდავო ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ალექსანდრემ სახელოვან მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და 1 სეტი წაართვა კიდეც.
საწყის გეიმებში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა საკუთარ ჩაწოდებას. სეტის მეორე ნახევარში ჰუბერტი გააქტიურდა და ჯერ მე-6 გეიმში ხოლო შემდეგ მე-8 გეიმში ჯამში 5 ბრეიკპოინტი მოიპოვა, თუმცა ვერცერთის რეალიზება ვერ შეძძლო და პარტია ლოგიკურად გადავიდა ტაიბრეიკზე.
„მე-13 გეიმში“ მეტრეველი ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა, რომელმაც საჩოგბურთო „ლატარეა“ 7-5 მოუგო პოლონელს და სეტებში დაწინაურდა 1:0.
სამწუხაროდ ჰურკაჩი დროულად გამოფხიზლდა – მეორე პარტიის პირველსავე გეიმში შეძლო ქართველის ჩაწოდების აღება და ბრეიკიანი უპირატესობა სეტის ბოლომდე უპრობლემოდ შეინარჩუნა – 6-3.
მესამე გადამწყვეტ სეტში გამოცდილმა პოლონელმა ქართველი ჩოგბურთელი როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად დაჯაბნა – ჰუბერტმა 26 წუთში 6:1 მოიგო და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმა 6:7 6:3 6:1.
მესამე შეხვედრაში კორტზე უკვე წყვილთა თანრიგის ჩოგბურთელები გამოვიდნენ. ვალკოვი/ზიელინსკის დუეტმა პირველი სეტი ტაიბრეიკზე წააგო ბაკში/ტყემალაძის ტანდემთან 6:7(2:7), თუმცა მეორე სეტი უკვე დამაჯერებლად მოიგო 6:2.
შეხვედრის ბედი სუპერ ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ოდნავ უკეთესად მაინც პოლონური წყვილი გამოიყურებოდა და 10:6 იმარჯვა.
პოლონეთმა 3:0 დაამარცხა საქართველო და D ჯგუფში პირველ ადგილზეა . საქართველო ბოლო ადგილს იკავებს, თუმცა პოლონელებთან წაგებული სერიის მიუხედავად პოზიტიური იყო ის ფაქტი, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე მოასპარე ჩვენმა ნაკრებმა 2 სეტის მოგება შეძლო მეტოაე გუნდთან.