ფინანსური მაქინაციების გამო ტურინის იუვენტუსს 15 ქულა ჩამოაკლეს. ამან ცხადია სატურნირო ცხრილზეც იმოქმედა და ბიანკონერი მე-10 ადგილზეა, რამაც ჩემპიონთა ლიგაში გასვლის შანსები საკმაოდ შეუმცირა. ამ თემაზე კომენტარი მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა.
“როცა მითხრეს, რომ შეიძლებოდა 9 ქულა დაეკლოთ, გამოვთვალე თუ რა უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაში გავსულიყავით. ახლა როცა საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადეს, კვლავ დავითვალე თუ რა არის ლიგაში მოსახვედრად საჭირო. მიზნის მისაღწევად აუცილებელია რაღაც არაჩვეულებრივი გავაკეთოთ.” – ციტირებს ალეგრის სიტყვებს Sky Sport Italia.
იუვენტუსი ამჟამად სერია ა-ში 22 ქულით მე-10 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ზონას 12 ქულით ჩამორჩება და უახლოეს ტურში ატალანტას შეხვდება.