მბაპეეე!!! ბოლო წუთი პარიზში და ბრწყინვალე სიტი

ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა, წლის პირველ სათამაშო დღეს პსჟ-მ რეალს 1:0 მოუგო, სიტიმ კი ლისაბონში სპორტინგი 5:0 დაამარცხა.

ყველაზე დიდ ინტერესს პსჟ – რეალის დაპირისპირება იწვევდა. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და თითქმის მთელი შეხვედრა ასე გაგრძელდა. განსაკუთრებით გამოსარჩევია კილიან მბაპე, რომელიც შესანიშნავი იყო. რაც შეეხება რეალს, სამეფო გუნდმა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა თუ ყველაზე ცუდი არა.

62-ე წუთზე ლეო მესის ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ჰქონდა. კილიან მბაპემ 11 მეტრიანი მოიპოვა, რომელიც არგენტინელმა შეასრულა, მესის დარტყმული კურტუამ აიღო. მალე პსჟ-მ ისევ შეუტია. თამაშში აქტიურად ჩაერთო ნეიმარი, რომელმაც 29 ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშა.

მატჩის გადამწყვეტი მომენტი 94-ე წუთზე დადგა, როცა მბაპემ შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. ნეიმარმა ქუსლით მშვენიერი პასი გაუკეთა, მე-7 ნომერმა 2 ფეხბურთელი მოატყუა და ბრწყინვალე გოლი შეაგდო.

საბოლოოდ პსჟ 1:0 რეალი და ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 10 მარტს მადრიდში გაიმართება.

რაც შეეხება სათამაშო დღის მეორე მატჩს, სიტიმ სპორტინგთან გაილაღა. ბრიტანელებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს. გვარდიოლას გუნდმა პირველი ნახევარი 4:0 მოიგო და 1 ბურთი მეორე ტაიმში შეაგდო. სპორტინგს ფაქტობრივად არაფერი გამოსდიოდა, პორტუგალიელებს კარშიც კი არ დაურტყამთ. სიტის მხრიდან 2 გოლი ბერნარდო სილვამ გაიტანა, თითო ბურთი კი რაჰიმ სტერლინგმა, რაიად მაჰრეზიმ და ფილ ფოდენმა შეაგდეს.

ამ გუნდებს შორის განმეორებითი დაპირისპირება, რომელიც ფორმალობად იქცა, 10 მარტს გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published.