მებრძოლები, რომლებმაც შესაძლოა 2022 წელს კარიერა დაასრულონ [ნაწ. 1]

UFC-ს 2022 წელი ფურცელზე ძალიან საინტერესო ამბებს გვპირდება – რემატჩები, ახალი ჩემპიონების მიერ ქამრის დაცვები, ამომავალი ვარსკვალვები და ახალგაზრდა კონტენდერები… თუმცა ყველაფერ ახალთან ერთად, ჩვენ მოგვიწევს ძველსაც გამოვემშვიდობოთ. ამ ეპოქის ჩემპიონებისა და ვარსკლავების უმეტესობა უკვე 30 წელს კარგად გადაცილებულია, რაც საბრძოლო სპორტებისთვის სავეტერანო ასაკად ითვლება, თან თუ გავითვალისწინებთ ცვეთას, ამ ასაკში ხშირია კარიერის დასრულების შემთხვევებიც. გთავაზობთ 8 მებრძოლს, რომლებმაც შესაძლოა 2022 წელს კარიერა დაასრულონ:

კამარუ უსმანი – ქვესაშუალო წონის ჩემპიონი კარიერის დასრულებაზე 2020 წლიდან საუბრობს. ის ხშირად აღნიშნავს, რომ მოჭიდავისა და მებრძოლის კარიერამ მან ბევრი ტრავმა დაუტოვა. ამასთან ერთად, ნიგერიელმა ფაქტობრივად გაწმინდა თავისი დივიზიონი. დენას თქმით შემდეგი ლეონ ედვარდსი იქნება, რომელიც კამარუს დამარცხებული ჰყავს და როგორც წესი, კამარუ რემატჩებსაც იგებს. ამას გარდა ჰორიზონტზე სხვა დიდი ბრძოლაც არ ჩანს… მხოლოდ ხამზატთან, რომელიც ჯერ რეიტინგში საკმაოდ უკანაა.

ხორხე მასვიდალი – სწორედ ზემოთ ხსენებულმა კამარუ უსმანმა ზედიზედ 2 მარცხი აგემა UFC-ს სუპერვარსკლავს, ხორხე მასვიდალს, რომელმაც უკვე 37 წელს მიუკაკუნა. თანაც ხორხეს კარიერაში უკვე 50 ბრძოლა აქვს ჩატარებული, რაც მართლაც შთამბეჭდავი რიცხვია. შემდეგი ბრძოლა მას კოლბი კოვინგტონთან ჩაენიშნა – წარსული ისტორიით, რეიტინგის ნომრებითა და მათი პერსონაჟებით ეს ბრძოლა მართლაც სარფიანად გაიყიდება და ხორხეც დიდ ანაზღაურებას მიიღებს. შესაძლოა გეიმბრედმა ერთი სარფიანი ბრძოლა კიდევ გამართოს წელს, თუმცა მარცხის შემთხვევაში მასაც მოუწევს კარიერის დასრულებაზე ფიქრი.

დასტინ პორიე – ბრილიანტის მომავალი ნისლითაა მოცული. ამერიკელი ყველას ეჩხუბა, ვისთანაც ეს შესაძლებელი იყო. პორიე ერთადერთი მებრძოლია, ვისაც ხაბითანაც აქვს ნაჩხუბარი და კონორთანაც… ასევე ჰოლოვეისთან, გეიჯისთან, ოლივეირასთან, ალვარეზთან და ა.შ. თანაც ახლახანს უკვე მეორედ დათმო სატიტულო ორთაბრძოლა, მესამედ იგივე გზის გავლა კი საკმაოდ რთულია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გასულ წელს, კონორთან ჩატარებულმა 2-მა ბრძოლამ, პორიეს უზრუნველყოფილი მომავალი უკვე აჩუქა.

მაიკლ ჩენდლერი – კიდევ ერთი ვეტერანი, რომელსაც უამრავი ომი აქვს გამოვლილი. იყო ბელატორის ჩემპიონი, მიეცა შანსი გამხდარიყო UFC-ს ჩემპიონი, თუმცა დამარცხდა, რის შემდეგაც კიდევ ერთი მარცხი განიცადა დრამატულ და სისხლით სავსე ბრძოლაში. შეიძლება ითქვას, ჩენდლერმა თავისი თავი უკვე ამოწურა, თანაც ზიანი, რაც მან კარიერის მანძილზე მიიღო, წლების შემდეგ შეიძლება სავალალო შედეგებამდე მივიდეს.

სტიპე მიოჩიჩი – მძიმე წონის ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონი, რომელმაც ქამარი გასულ წელს ნგანუსთან დაპირისპირებაში დაკარგა. რთულია 39 წლის ასაკში იგივე საჩემპიონო გზის გავლა, მითუმეტეს როცა ქამართან ნგანუსნაირი მონსტრია ან ის იქნება, ვინც ამ მონსტრს დაამარცხებს… მიოჩიჩმა თავისი სიტყვა თქვა და უდიდესი სახელი დატოვა როგორც ზოგადად MMA-ში, ასევე მძიმე წონაშიც.

ზაბიტ მაგომედშარიპოვი – 30 წლის დაღესტანელ მებრძოლს კარიერა ფაქტობრივად დასრულებული აქვს. როგორც ბოლო ინტერვიუშ თქვა, მას უკვე ბრძოლები აღარ აინტერესებს. თანაც ბოლო ბრძოლა 2019 წელს გამართა, გასულ წელს კი TOP 15-დანაც ამოაგდეს. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი კარიერის დასრულების გაოფიციალურება უბრალოდ დროის საკითხია და დიდი ალბათობით 2022 წელს მოხდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *