არსენალის თავდამსხმელი მარკინიოსი ნორვიჩ სიტის იჯარით მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეუერთდა.
„ძალიან ბედნიერი ვარ ნორვიჩში ყოფნით. მოუთმენლად ველი კლუბში ჩემს პირველ თამაშს. ინგლისური ფეხბურთი უფრო ინტენსიურია, ვიდრე ბრაზილიური, მაგრამ ვეჩვევი. გულშემატკივრებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ. ყველაფერს გავიღებ წარმატებისთვის“, – ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს ნორვიჩის ოფიციალური ვებ-გვერდი.
19 წლის მარკინიოსმა მიმდინარე სეზონში მეთოფეების შემადგენლობაში ყველა შეჯიბრში ხუთი მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ნორვიჩი, რომელიც ჩემპიონშიპში თამაშობს, სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.