ლეო მესიმ კამპ ნოუზე პრესკონფერენცია გამართა. არგენტინელმა ბარსელონადან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. პრესკონფერენცია საკმაოდ ემოციური გამოდგა, ლეომ საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა.
“სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა ვთქვა. ბოლო დღეებში ბევრს ვფიქრობდი იმაზე თუ რა შეიძლებოდა მეთქვა, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე.
აქ გატარებული ამდენი წლის შემდეგ, რთული მომენტი დადგა. ამისთვის მზად არ ვარ. სიმართლე გითხრათ შარშან ნამდვილად ვფიქრობდი ბარსელონას დატოვებაზე, წელს არა. ბოლო წუთამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ახალ კონტრაქტს გავაფორმებდით. ახლა გუნდის დატოვება მიწევს, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები, ეს ჩემი სახლია.
21 წლის შემდეგ აქაურობას სამ კატალონიელ-არგენტინელ შვილთან ერთად ვტოვებ. მე მადლიერი ვარ ამ ქალაქის და ამ კლუბის, ჩემი თანაგუნდელების და ყველასი ვისთან ერთად ყოფნაც მომიწია.
ჩემი ნება რომ იყოს, გამოსამშვიდობებელ სიტყვას კამპ ნოუს სავსე ტრიბუნების წინაშე ვიტყოდი. ბოლო დღეების განმავლობაში თავში ბევრი აზრი გამიჩნდა. ჯერ კიდევ ვერ ვეგუები იმას, რომ ბარსელონა უნდა დავტოვო. იმედია ნებისმიერ დროს ნებისმიერი გზით შემეძლება აქ დაბრუნება და კლუბის წინსვლაში წვლილის შეტანა.
ახლა მავიწყდება ის რისი თქმაც მინდოდა, ვამბობ მხოლოდ იმას, რასაც ვგრძნობ. ყველას დიდი მადლობა.”-განაცხადა მესიმ.