მეფე ლებრონის დაბრუნება

რამდენიმე დღის წინ „დეტროიტ პისტონზთან“ გამართულ მატჩში ლებრონ ჯეიმსმა ბინძურად ითამაშა – გამიზნულად იდაყვი ჩაარტყა სახეში აიზია სტიუარტს და მეტოქეს წარბი გაუხეთქა. ვიდეო გამეორების შედეგად ლებრონი კარიერაში მეორედ გააგდეს პარკეტიდან (პირველად 2017 წელს მსაჯებთან კამათის გამო).

ჯეიმსმა 1 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და სკამიდან უყურა „მედისონ სქვერ გარდენში“ თუ როგორ დამარცხდა მისი გუნდი „ნიუ იორკ ნიქსთან“.

„ინდიანასთან“ მატჩში კი მეფე ლებრონი დაბრუნდა. „ლეიკერსისთვის“ ორმაგამდ მნიშვნელოვანი იყო ჯეიმსის პარკეტზე ყოფნა, რადგან შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაირკვა, რომ ენტონი დევისი გაციების გამო ვერ მიიღებდა მატჩში მონაწილეობას.

null

„პეისერზმა“ მატჩის პირველი ნახევარი სოლიდურად ჩაატარა და ჯამში სულ 2 დაკარგვა ქონდა. აკურატული თამაშის მიუხედავად მასპინძლებმა ტაიმი მხოლოდ 6 ქულიანი სხვაობით მოიგეს 66:60, რადგან გუნდის ლიდერებს სროლები არ მისდიოდათ.

მატჩის მეორე ნახევარი უკვე სხვა სცენარით განვითარდა – „ინდიანამ“ საწყის სამ შეტევაში სამჯერ დაკარგა ბურთი და გუნდიც აირია. რიკ კარლაილმა დროულად აიღო წუთშესვენება და კალათბურთელები „გონს მოიყვანა“.

ძირითადი დროის დასრულებამდე 4:35 წუთით ადრე „ლეიკერსი“ მატჩშ პირველად გალიდერდა და ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვა. რასელ ვესტბრუკის და ლებრონ ჯეიმსის ბრწყინვალე თამაშის ფონზე მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 76 წამით ადრე კალიფორნიული გუნდი 110:104 იგებდა და თითქოს მარტივად უნდა მიეყვანა მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე, თუმცა „ინდიანამ“ გაიბრძოლა – 8:2 გაქცევა მოაწყო და დუარტეს მარცხენა კუთხიდან ნასროლი სამქულიანით შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა 112:112.

ოვერტაიმში ლებრონმა ისევ საკუთარ თავზე აიღო ლიდერობა – ორი „მკვლელი“ სამქულიანი ჩასვა მასპინძელთა კალათში და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა 124:116.

მატჩის გმირი ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომლის ანგარიშზეც 39 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი და 2 დაფარება იყო. 20 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ქონდა რასელ ვესტბრუკს. მშვენივრად ითამაშეს სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა მონკმა (17 ქულა), ენტონიმ(14) და ელინგტონმა (14).

სუსტად გამოიყურებოდნენ „ინდიანას“ ლიდერები – დომანტას საბონისმა მხოლოდ 14 ქულა დააგროვა, ხოლო მაილს თერნერმა პერიმეტრიდან 6-ჯერ ესროლა ბურთი და მხოლოდ 1 ჩაგდო (ჯამში 12 ქულა დააგროვა).

მიუხედავად „პეისერზის“ მაღალი მოთამაშეების ასეთი ცუდი სტატისტიკისა, რიკ კარლაილმა ბოლომდე სკამზე ამყოფა ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე და მას თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა.
20 ჩატარებული მატჩის შემდეგ „ლეიკერსს“ 10 მოგება და ამდენივე წაგება დაუგროვდა. კალიფორნიული გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს.

„ინდიანას“ 8 მოგების წილ 12 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოდან მესამე ადგილს იკავებს (მე13 პოზიცია), უსწრებს რა მხოლოდ „დეტროიტს“ და „ორლანდოს“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *