ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ასევე იყო C ჯგუფშიც. მექსიკის ნაკრები მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობის მიზეზით გამოეთიშა ტურნირს. მათ პოლონელების დარად 4 ქულა მოაგროვეს მაგრამ…
პირველ ნახევარში მექსიკელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ. საუდელთა დაცვა კი უშეცდომოდ თამაშობდა და ბოლოსკენ ერთი-ორჯერ მეტოქეს უჩხვლიტეს კიდეც.
მეორე ნახევარი კი სულ სხვა სცენარით დაიწყო – ხუთწუთიან მონაკვეთში მექსიკელებმა ორჯერ გაიტანეს, ჯერ ენრი მარტინმა, შემდეგ კი ლუის ჩავესმა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით.
ჩავესმა შემდეგ კიდევ ერთი დიდებული საჯარიმო შეასრულა, მაგრამ ბურთი ასევე ეფექტურად მოიგერია საუდელთა მეკრე მოჰამედ ალ-უვაისმა. ეს ჯარიმა ჩვენი ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლელი თანაგუნდელის, ირვინგ ლოსანოს წაქცევას მოჰყვა, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო და 90 წუთი დაჰყო მინდორზე.
არგენტინა-პოლონეთის პარალელური მატჩის გათვალისწინებით (2:0), მექსიკელებს კიდევ ერთი ბურთის გატანა მართებდათ. ბევრს უტევდნენ, მაგრამ ბოლოსკენ კონტრშეტევა გაეპარათ და სალემ ალ-დავსარიმ ერთი საპასუხო შეაგდო.
საბოლოოდ 2:1 და მერვედფინალში არგენტინასთან ერთად პოლონეთის ეროვნული გუნდი გავიდა. მექსკა კი 1978 წლის შემდეგ პირველად ჩარჩა ჯგუფში.