ისევ მოგვადგა კარს სანაკრებო თამაშები. იწყება მღელვარების კვირეული. და მართალია სინამდვილეში ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით, მაინც გვეიმედება. დღესაც, სექტემბრის იმ სამი კოშმარული თამაშის შემდეგ მოახლოებულ ორ შეხვედრას ოპტიმისტურად შევყურებთ. რატომ? ადამიანები ვართ და იმიტომ. ადამიანებს ოპტიმიზმი გვახასიათებს.
მაშ ასე, 9 ოქტომბერს ბათუმში საბერძნეთს ვხვდებით, 12 ოქტომბერს კი კოსოვოში გვაქვს გასვლა. კოსოვოში, რომელიც… რომელმაც… რომელსაც… აღარ ვიცი როგორ ვთქვა. ისევ ვერ მომინელებია. და ნურავინ დამიწყებს არაფრისმთქმელი კოსოვოური გვარების ჩამოთვლას, გეგონება რომელიმე მათგანი მართლა ვარსკვლავი იყოს. დიდი ამბავი თუ რამდენიმე ევროპის საშუალო გუნდში თამაშობს ან ირიცხება. იქ იყვნენ ბატონო, ბათუმის წვიმაში, პირველივე წუთიდან დანებებული საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ და მათი შესრულებით გამორჩეული ვერაფერი ვნახე. მონდომების და ხელების პრეტენზიული შლის მეტი საინტერესო არაფერი შემოუთავაზებიათ. ფეხბურთი რასაც ჰქვია და რისთვისაც გვიყვარს, არ უჩვენებიათ. კვარამ ათენში ბერძნებს რომ ჩაურბინა და ვერ გაიტანა(!) იმასთან მიმსგავსებულიც არაფერი გაუკეთებიათ.
მოკლედ, ჯერ ბერძნებს ვხვდებით, შემდეგ კოსოვოს და რომ მომკლათ, თამაშის წინ ჩვენს ბიჭებს არ ვეტყვი, რომ მათ ამ ორ შეხვედრაში წარმატების მიღწევა არ შეუძლიათ. ვიმეორებ, ამას ვამბობ იმ სამი საშინელი თამაშის მიუხედავად, სექტემბრის დასაწყისში ინფარქტივით რომ გადავიტანეთ.
კეთილი. ახლა ეს ვთქვათ, გარდა იმისა, რომ ადამიანი ვარ, ხოლო ადამიანებს ოპტიმიზმი ახასიათებთ, რა მაძლევს იმედიანად მსჯელობის საშუალებას?
უპირველეს ყოვლისა გამოძახებული ფეხბურთელების სია, რომელიც ერთი თვის წინანდელისგან განსხვავდება. ნუ, ოთარ კიტეიშვილი დანაკლისია, მაგრამ რას იზამ.
კიდევ, იმედი მაქვს, რომ თავად ფეხბურთელები მოინდომებენ სხვანაირად. მოედანზე თავიდანვე დამარცხებულები არ გავლენ. ეს ერთხელ უკვე გააკეთეს და წესით თავმოყვარეობამ თუ ქართულმა სიამაყემ სხვა ჭკუაზე უნდა დააყენოს. თანაც, სავარაუდოდ, ამჯერად შემადგენლობაში ისეთი მოთამაშეები იქნებიან, რომელთაც სექტემბერში მწვრთნელმა თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა და ისინი ახლა შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ ბატონი სანიოლი თუ ის, ვინც სანიოლს მაშინ რჩევა-დარიგება მისცა (თუკი ასეთი „ის“ არსებობს), ძალიან შეცდა.
მესამე, ალბათ თავად ვილი სანიოლის ფაქტორია. ფრანგმა მწვრთნელმა პირველ შეხვედრებში კარგად თამაშის ილუზია შექმნა (დიდწილად კვარაცხელიას წყალობით), სექტემბერში დიდი კრახი განიცადა და ახლა უნდა გაგვარკვიოს, საით დგას.
და ბოლოს, საბერძნეთი რა თქმა უნდა ჯაბანი არასდროს იქნება, მაგრამ ჯერ ერთი ისეთი ვეღარ არის ადრე რომ იყო და მეორეც, თავად არ ვეთამაშეთ ათენში? რად უნდა ამას ფილოსოფია. მათი ძალა საქართველოს ნაკრებში წესით ძალიან კარგად უნდა იცოდნენ.
კოსოვო კი… კოსოვომ კი… კოსოვოს კი… უხ! გამოყოლილი სიმწრისგან არ ვიცი, რა დავწერო და ამიტომ, თავს შევიკავებ.
საბოლოოდ კი ჰა ბურთი და ჰა მოედანი. გადით, იომეთ, არ დათმოთ, მხარი ჩაუდგით, კარში დაარტყით და დანარჩენი გამოჩნდება.
P.S. თუმცა, ღმერთმა რომ გადმოგვხედოს და ორივე თამაში მოვიგოთ, ქართული ფეხბურთი მაინც სერიოზულად არის სამკურნალო.