მიდლტონის კარიერის საუკეთესო მატჩი და გამარჯვება „ატლანტასთან“

კრის მიდლტონის 38 ქულის წყალობით „მილუოკიმ“ სტუმრად დაამარცხა „ატლანტა“ 113:102 და საპლეიოფო სერიაში 2:1 დაწინაურდა.

„ჰოუქსს“ შეხვედრის მშვენიერი სტარტი გამოუვიდა – კლინ კაპელას სლემის და კევინ ერტერის ზუსტი ტყორცნების ფონზე მასპინძლები ჯერ 7:0 დაწინაურდნენ, მალევე კი უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდეს.

null

„ბაქსი“ დროულად გამოფხიზლდა, ნელ-ნლა ათამაშდა იანის ანტეტენკუმპოც, რომელმაც პირველ მეოთხედში მხოლოდ 5 ქულა აიღო, მეორეში 11 და „მილუოკიმ“ მეტოქესთან ჩამორჩენა შეამცირა.

პეტ კონაუტონმა მორიგი სამქულიანი ჩასვა მასპინძელთა კალათში და ანგარიშიც გათანაბრდა 56:56.

მესამე მეოთხედში, ბობი პორტისის მიერ ჩაგდებული 2 ქულიანის შემდეგ „მილუოკი“ შეხვედრაში პირველად გავიდა წინ 82:80, თუმცა „ატლანტადან“ დროულად უპასუხა დანილო გალინარიმ, რომელმაც პერიმეტრიდან გაისროლა და ბოლო მეოთხედის წინ ლიდერად ისევ საკუთარი გუნდი დატოვა 83:82.

null

უკანასკნელი, 12 წუთიანი პერიოდი პირადად კრის მიდლტონის ზეობის ხანა იყო. „ბაქსის“ სნაიპერმა 20 ქულა ჩააგდო და მასპინძლებს წარმატებაზე ფიქრის შანსიც კი აღარ დაუტოვა. „მილუოკიმ“ მეოთხე მეოთხედი 30:17 მოიგო და მასთან ერთად მატჩიც 113:102.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კრის მიდლტონი დასახელდა, რომელმაც პლეიოფებში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა: 38 ქულა, 11 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა. მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა იანის ანტეტენკუმპომ 33 ქულა+11 მოხსნა. ბერძენს მცირე ტრავმა აწუხებდა, რაც მატჩის მიმდინარეობისას აშკარად შესამჩნევი იყო.

null

„ატლანტას“ რიგებიდან ტრადიციულად გამორჩეული ტრე იანგი გახლდათ, რომელმაც 35 ქულა აიღო. „ჰოუქსის“ გამთამაშებელმა მესამე მეოთხედში ფეხი უხერხულად დააბიჯა მსაჯს და მუხლი დაიზიანა. საბედნიეროდ ტრეს ტრავმა სერიოზული არ გამოდგა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *