1974 წლის შემდეგ, პირველად „მილუოკი ბაქსმა“ ნბა-ს აღმოსავლეთ კონფერენცია მოიგო და სუპერ ფინალის საგზური მოიპოვა.
იანის ანტეტენკუმპოს გარეშე დარჩენილმა „ბაქსმა“ ძალების მობილიზება მოახერხა, საპლეიოფო სერიაში 2:2-დან ზედიზედ 2 შეხვედრის მოგება შეძლო და ფინალში დასავლეთის ჩემპიონ „ფინიქს სანზს’ დაუპირისპირდება.
სერიის მე-6 თამაში ჯორჯიის შტატში იმართებოდა, სადაც მასპინძელი „ატლანტა“ იყო. ტრავმის მოშუშება და მწყობრში დაბრუნება შეძლო „ჰოუქსის“ ლიდერმა ტრე იანგმა, რაც ადგილობრივ გულშემატკივარს დიდ იმედს აძლევდა, რომ მათი საყვარელი ფრენჩაიზი საპლეიოფო სერიაში ანგარიშს გაათანაბრებდა და მე-7 თამაშამდე მივიდოდა.
„მილუოკიმ“ შეხვედრის პირველივე წუთებიდანვე მოიპოვა უპირატესობა და ანგარიშში წინ გავიდა. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილმა გუნდმა ბრუკ ლოპესის და ჯრუ ჰოლიდეის კარგი ასპარეზობის ფონზე პირველი ტაიმი 47:43 მოიგო.
მატჩში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, სადაც გაიბრწყინა კრის მიდლტონმა. „ბაქსის“ ვარსკვლავმა ზედიზედ 16 ქულის აღება შეძლო, მესამე მეოთხედში ჯამში 23 ქულა დააგროვა და პირადად გაუსწორდა მეტოქეს.
„მილუოკიმ“ მესამე პერიოდი 44:29 მოიგო და შეხვედრას ყველანაირი ინტრიგა დაუკარგა.
მეოთხე მეოთხედის უკანასკნელ წუთზე ბოგდან ბოგდანოვიჩმა ზუსტად გაისროლა პერიმეტრიდან და „ატლანტას“ ჩამორჩენა 7 ქულამდე „დაწია“, თუმცა საპასუხო შეტევაში პი ჯეი ტაკერმა ჩააგდო უმნიშვნელოვანესი 3 ქულიანი და საკუთარი გუნდი ნბას სუპერ ფინალში გაიყვანა 118:107.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კრის მიდლტონი გახდა, რომლის ანგარიშზეც 32 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა იყო. მცირედი დააკლდა სამმაგ დუბლამდე ჯრუ ჰოლიდეის – 27 ქულა+9 მოხსნა+9 პასი.
შეხვედრის ანტი გმირი „ატლანტას“ ლიდერი – ტრე იანგი იყო, რომელმაც 17-ჯერ ესროლა ბურთი მეტოქის კალათს და მხოლოდ 4 ჩააგდო (14 ქულა, გააფუჭა ექვსივე სამქულიანი).20 ქულა ქონდა სერბ სნაიპერ ბოგდან ბოგდანოვიჩს, 21 ქულა დააგროვა სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა სამ რედიშმა, რომელმაც 7-დან 6 ბურთი ჩააგდო პერიმეტრიდან.
„მილუოკი“ ნბა-ს ჩემპიონი ერთადერთხელ გახდა – 1971 წელს, ლეგენდარულმა დუეტმა (ოსკარ რობერტსონი – ქარიმ აბდულ ჯაბარი) „ბაქსის“ ფრენჩაიზი საჩემპიონო ბეჭდებამდე მიიყვანა.
ამ მოვლენებიდან 3 წელიწადში, „მილუოკი“ კიდევ ერთხელ გადის ნბა-ს სუპერფინალში, სადაც 3:4 წააგებს „ბოსტონთან“. სეზონის დასრულების შემდეგ ოსკარ რობერტსონი „დიდი კალათბურთიდან“ მიდის, ქარიმი კი 1 წლის შემდეგ „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გადადის , სადაც გააგრძელებს თავის სახელოვან კარიერას.
„ბაქსის“ გულშემატკივრები 47 წელი ელოდნენ საკუთარი გუნდის დაბრუნებას სუპერ ფინალში და ეს მოლოდინი სწორედ დღეს დასრულდა.
2021 წლის ნბას- სუპერ ფინალური სერია სტარტს 7 ივლისს აიღებს (თბილისის დრო)
7 ივლისი, პირველი მატჩი ფინიქსი – მილუოკი 05:00
9 ივლისი, მეორე მატჩი ფინიქსი – მილუოკი 05:00
12 ივლისი, მესამე მატჩი მილუოკი – ფინიქსი 04:00
14 ივლისი, მეოთხე მატჩი მილუოკი – ფინიქსი 05:00
18 ივლისი, მეხუთე მატჩი ფინიქსი – მილუოკი 05:00 (თუ საჭირო გახდა)
21 ივლისი, მეექვსე მატჩი მილუოკი – ფინიქსი (თუ საჭირო გახდა)
23 ივლისი, მეშვიდე მატჩი ფინიქსი – მილუოკი (თუ საჭირო გახდა)