NBA-ს რეგულარული სეზონის, მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი მემფისში გაიმართა, სადაც ადგილობრივი “გრიზლისი” “მილუოკის” დაუპირისპირდა.
თამაშის აფიშა დიდ ყურადღებას იქცევდა, რადგან ერთმანეთს აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის ტოპ გუნდები უპირისპირდებოდნენ, თუმცა რეალობა სხვანაირი გამოდგა.
“მემფისმა” ყველა საკალათბურთო კომპონენტში დაჯაბნა “ბაქსი” და მეტოქე 142-101 გაანადგურა.
მატჩის გმირი “გრიზლისის” გამთამაშებელი ჯა მორანტი გახდა, რომელმაც 26 წუთში სამმაგი დუბლის შესრულება შეძლო: 25 ქულა, 10 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა.
“მილუოკი” პირველივე წამებიდანვე ჩამორჩა ანგარიშში მეტოქეს და შემდეგ წონოსაწორობის აღდგენა ვეღარც მოახერხა.
საწყისი მეოთხედი მასპინძლებმა 33-18 მოიგეს, პირველი ტაიმის შემდეგ კი შეხვედრაში უკვე ყველანაირი ინტრიგა მკვდარი გახლდათ 70-41.
“ბაქსის” კატასტროფული თამაში მატჩის მეორე ნახევარშიც გაგრძელდა – მეოთხე მეოთხედის მიმდინარეობისას “გრიზლისი” მეტოქეს 50 ქულიანი სხვაობითაც ამარცხებდა, რაც მიმდინარე რეგულარულ სეზონში ყველაზე დიდი სხვაობაა (121-71).
“მემფისის” წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დილონ ბრუქსმა, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო. თავი გამოიჩნა სათადარიგო გამთამაშებელმა ტაიუს ჯონსმა – 16 ქულა.
“მილუოკის” რიგებში 19-19 ქულა ქონდათ იანის ანტეტენკუმპოს და ბობი პორტისს, თუმცა მხოლოდ ამ დუეტის ნორმალურმა თამაშმა “ბაქსი” ვერ იხსნა კატასტროფული მარცხისგან.
სამწუხაროდ, მატჩის განაცხადში ამჯერადაც ვერ მოხვდა სანდრო მამუკელაშვილი.