მაისში, ბრიუგეს თავდამსხმელის, ნოა ლანგის სიტყვებმა: “მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ვიყო ანდერლეხტის ებრაელი” მსოფლიო მოიარა. ეს მან, ემოციურ ფონზე, ანდერლეხტთან გამარჯვების შემდეგ თქვა.
საქმე ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა. მას, რა თქმა უნდა, დისკრიმინაციას ედავებოდნენ. აქ გადამწყვეტი იყო, თავად ლანგს ანტისემიტური პოზიცია ჰქონდა თუ არა. მოგეხსენებათ, ანდერლეხტის გულშემატკივრებს “ებრაელებს” ეძახიან.
როგორც გაირკვა, თავად ნოა ქსენოფობი არ არის, სურინამელი მამისა და ნიდერლანდელი დედის ოჯახში დაიბადა და მთელი ცხოვრება განსხვავებულობის მიმღებლობისთვის იბრძოდა. ასევე, მისი მეგობარი გოგონა სწორედ ებრაელია.
ამის გამო, სადისციპლინო კომიტეტმა მისი მკაცრად დასჯა გადაიფიქრა და ორგინალური სასჯელი დააკისრა: პირველ ოქტომბერს, ფეხბურთელი ჰოლოკოსტის მუზეუმს უნდა ეწვიოს და გიდის ლექციას მოუსმინოს…