საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი მომავალი სეზონიდან მონპელიეს რიგებში აღარ ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ მონპელიე ერთადერთი ფრანგული კლუბია, სადაც ნარიაშვილს უთამაშია. ის ამ გუნდის ღირსებას 2011 წლიდან იცავს და მთელი ამ დროის განმავლობაში ერთ-ერთი წამყვანი მორაგბე იყო.
მიუხედავად ამისა, მონპელიეს გადაწყვეტილი აქვს მიხეილ ნარიაშვილს კონტრაქტი არ გაუფორმოს. 31 წლის პირველხაზელით დაინტერესება ბასკურმა ბაიონმა გამოთქვა, რომელშიც კიდევ ერთი ყოფილი მონპელიელი, მეორე ხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე თამაშობს. გუნდის ხელმძღვანელები უკვე შეხვდნენ ნარიაშვილს. თუმცა, რა გადაწყვეტილება მიიღეს, ჯერ ცნობილი არ არის.