მოგება! 7 ტაიმი გოლგაუშვებლად

საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო. მოიგო ბოსნიაში, საშუალოზე ალბათ მაინც ოდნავ უკეთეს ევროპულ გუნდთან, რომელსაც ჰყავდა ედინ ჯეკო.

ხვიჩა კვარაცხელიას გარღვევა, პასი და ბუდუ ზივზივაძის პირველი გოლი საქართველოს ნაკრებში!

ამდენი ნერვიულობის ფონზეც კი, კვარამ კარგად ითამაშა და ეს უფრო მეორე ტაიმში. საქართველოს ნაკრების სამი-ოთხი სახიფათო მომენტი რაც შეიქმნა, ხვიჩა უკლებლივ მონაწილეობდა. ხარიხასაც მოარტყა ბურთი – ცოტა დააკლდა გოლამდე. პირველ ტაიმშიც ყველაზე კარგი ეპიზოდი მისი ჩაწოდების მერე შეიქმნა, როცა ზურიკო დავითაშვილი ვარდნაში ცდილობდა გატანას.

იყო ინდივიდუალური შეცდომები. ზოგადად არ გამოდგა სანახაობრივი მატჩი, უფრო მოედნის ცენტრში, ხშირი პაუზებით, მაგრამ შედეგია კარგი. გავიხსენოთ გურამ კაშიას შეცდომა, ან თუნდაც ჯეკოს გოლი, რომელიც თამაშგარე არ იყო და გაუქმდა. ეგაა, ერთხელ გვერდითმა მსაჯმა ზივზივაძეზეც ასწია არარსებული თამაშგარე.

კოსოვოსთან 2:1, შვედეთთან 2:0, უზბეკეთთან 1:0, ბოსნიასთან 1:0.

ზედიზედ 3 მოგება გოლის გაშვების გარეშე. 7 ტაიმი კი მშრალად… კარგი იქნება, ვილი სანიოლის გუნდი ამას ალბანეთთან ამხანაგურშიც თუ გააგრძელებს.

ბოსნია – საქართველო 0:1

გოლი: ზივზივაძე (49)

საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კაშია, დვალი (ჩაბრაძე 80), გიორბელიძე (კვირკველია 63) – აბურჯანია (მექვაბიშვილი 63), კვეკვესკირი – დავითაშვილი (გვილია 75), კვარაცხელია (ბერიძე 75), ლობჟანიძე (წიტაიშვილი 63) – ზივზივაძე

Leave a comment

Your email address will not be published.