მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანმა – დანილ მედვედევმა შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპის მესამე რაუნდში 6:0 6:7 7:6 სძლია იანიკ სინერს და პლეიოფში პირველი ადგილით გავიდა.
პირველი პარტია რუსმა ჩოგბურთელმა 26 წუთში მშრალი ანგარიშით – 6:0 მოიგო, მედვედევმა სამჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება და საჩოგბურთო გაკვეთილი ჩაუტარა 20 წლის იტალიელს.
მეორე სეტში იანიკი გამოფხიზლდა და ადრეული ბრეიკით დაწინაურდა 3:1, თუმცა დანილი დროულად „მოეგო გონს“ და მალევე აღადგინა წონასწორობა 3:3.
პარტიის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ოდნავ უკეთესად სინერი გამოიყურებოდა და 7:5 იმარჯვა.
მესამე, გადამწყვეტ სეტში, იტალიელმა ისევ პირველმა შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და 4:2 გავიდა წინ,თუმცა რუსმა დროულად შეასრულა უკუბრეიკი და ანგარიში გაათანაბრა 4:4.
ტაიბრეიკზე 20 წლის იანიკმა ორი მატჩპოინტი გამოიმუშავა – ჯერ 6:5-ზე, ხოლო შემდეგ 8:7-ზე, თუმცა რუსმა ჩოგბურთელმა ორივე მომენტში ცივსისხლიანად მოიგერია ეს საფრთხე და „საჩოგბურთო ლატარეა“ 10:8 მოიგო.
დანილმა შემაჯამებელ ტურნირზე ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო (შარშანდელი ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია). უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ხანგრძლივი მოგებათა სერიაა, 2012-15 წლებში ნოვაკმა შემაჯამებელ ტურნირებზე ზედიზედ 15 მატჩი მოიგო.
მიმდინარე სეზონში მედვედევმა 57-ე მატჩი მოიგო და ამ შედეგით გაუთანაბრდა ალექსანდრ ზვერევს.
Nitto ATP Finals-ის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება, ხოლო დანილ მედვედევი რუბლიოვ/რუუდს შორის გამარჯვებულს შეხვდება.