მოთმინება!.. ჩაკვეტაძის ეფექტი და დრო

ხარისხი, აქტიურობა, ინიციატივა… გიორგი ჩაკვეტაძემ 25 წუთი ითამაშა ჰამბურგი-ჰაიდენჰაიმის მატჩში (2:0) და ეს რაც ჩამოვთვალეთ, ყველაფერი ეტყობოდა. კარგი თამაში ჩაატარა და ჩანს, მომდევნო შეხვედრებში სათამაშო დროსაც გაუზრდის მწვრთნელი ტიმ ვალტერი.

მწვრთნელის ფაქტორზე: ვალტერი ჩაკვეტაძეს მეორე ბუნდესლიგის განახლებამდეც აქებდა. ახალგაზრდა სპეციალისტია კარგი რეპუტაციით და ეტყობა მშვენივრად იცის, რომ ტრავმებისკენ მიდრეკილ ფეხბურთელს თანადგომა სჭირდება. თანადგომა და არა ისე, როგორც ბევრი ვითომ-მწვრთნელისგან თუ ვითომ-ექსპერტისგან გვსმენია, „შუშის ფეხბურთელია“, „მაგისგან არაფერი აღარ გამოვა“ და ასე შემდეგ.

როცა ჩანს, რომ ფეხბურთელი ცდილობს ცუდი მდგომარეობიდან თავის დაღწევას, ყველანაირად ხელი უნდა შეუწყო და ვალტერიც ასე მოიქცა. და ამართლებს კიდეც – ასეთი ჩაკვეტაძე 2019 წლის მერე გენტში თითქმის არ გვინახავს.

ბურთს იშვიათად კარგავს, თავის ნატიფ მოძრაობებსაც ურევს. სხვა საქმეა, რომ ჯერ აკლია სტაბილურობა, რაც დროთა განმავლობაში უნდა დაუბრუნდეს.

ოღონდ არც ცაში აფრენაა კარგი – მოთმინებაა საჭირო, რათა ჩაკვე-2018 მივიღოთ.

და საჩქაროც არაფერია: ჯერ ბევრი ტურია დარჩენილი და ჩაკვეტაძე ნახევარ ტაიმს თუ ითამაშებს, საგანგაშო არაფერია. ერთი კარგი მომენტი (და მთავარიც) ისაა, რომ გიორგი უხდება ამ გუნდს, რომელიც კარგად იყენებს სივრცეებს და ჩვენიანიც სწორედ ასეთ დროსაა საშიში.

ჰამბურგმა ბოლო ორი მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო და სრულიად რეალურია, რომ ბუნდესლიგაში გადავიდეს. 6 გუნდი იბრძვის და ორი გადადის, მესამე კი ფლეი-ოფში ითამაშებს. საქომაგო გუნდი გვყავს გერმანიაში – თან ასეთი მდიდარი წარსულით…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *