პარიზში სტარტი აიღო როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპმა. 1/2 ფინალურ სტადიაზე ეკა გორეგოძემ მოულოდნელი მარცხი იწვნია 18 წლის ოკეან ბაბელთან და ასპარეზობას გამოეთიშა.
შეხვედრის სტარტი საქართველოს პირველ ჩოგანს იდეალური გამოუვიდა – საწყისი 4 გეიმი მოიგო და სოლიდური სხვაობით დაწინაურდა 4:0. ეკოს მხოლოდ 31 წუთი დასჭირდა პირველი სეტის მოსაგებად 6:1.
მეორე პარტიის პირველივე გეიმში გორგოძემ კიდევერთხელ დააბრეიკა მეტოქე და მალე მისი ჰანდიკაპი ორგეიმიანი გახდა 2:0. თითქოს საქართველოს პირველ ჩოგანს აღარ უნდა გასჭირვებოდა მატჩის ლოგიკურ გამარჯვებამდე მიყვანა, თუმცა რეალობა სხვანაირი გამოდგა…
მსოფლიო რეიტინგის 654-ე ჩოგანმა რისკიანი თამაში წამოიწყო – მისი დარტყმები გაცილებით აგრესიული და ზუსიტიო გახდა, რამაც შედეგი მყისიერად მოიტანა. 18 წლის ჩოგბურთელმა ჯერ მეორე სეტი მოიგო ანგარიშით 6:4, შემდეგ კი გადამწყვეტ პარტიაშიც ანალოგიური ანგარიშით იმარჯვა 1:6 6:4 6:4.
უკანასკნელი ორი სეტის განმავლობაში ეკომ შვიდჯერ წააგო საკუთარი ჩაწოდება და საბოლოო მარცხის განმაპირობებელი ფაქტორიც სწორედ ეს გამოდგა.
წარუმატებელი გამოდგა ეშტორილის ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის. საქართველოს პირველმა ჩოგანმა 1/8 ფინალურ ეტაპზე 4:6 3:6 დათმო შეხვედრა ჟოაო სოუზასთან და ასპარეზობას გამოეთიშა. მთელი შეხვედრის განმავლობაში პორტუგალიელი იდეალურად აწვდიდა – ჟოაოს ანგარიშზე 8 ეისი იყო, ნიკამ კი 2 ეისის წილ 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. სოუზამ 3 ბრეიკი შეასრულა, საკუთარი ჩაწოდება კი მხოლოდ ერთხელ დათმო.
ბასილაშვილი პარიზში გადაინაცვლებს და დაიწყებს მზადებას როლან გაროსისთვის, რომელიც სტარტს 22 მაისს აიღებს.