მსაჯთა ქართული ბრიგადა ჩემპიოთა თასზე

ნიკა ამაშუკელი, შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი პირველი ქართველი არბიტრები  არიან, რომლებიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა თასზე იმსაჯებენ. 12 დეკემბერს, 2021-22 წლების გათამაშების პირველ ტურში, ფრანგული “კასტრი” ინგლისურ “ჰარლიქვინზს” ეთამაშება და მოედნის მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება. მას კიდეებიდან შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი დაეხმარებიან.

“სასიამოვნოა, რომ ქართულ სამსაჯო ბრიგადას ასეთი რთული და პრინციპული მატჩის განსჯა გვანდეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ესაა ტურის ყველაზე რთული შეხვედრა. გარდა იმისა, რომ ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება ყოველთვის პრინციპულია, ჰარლიქვინზი ინგლისის მოქმედი ჩემპიონია, “კასტრი” კი, საკუთარ მოედანზე წაგებას არავისთან კადრულობს. ასეთ დაძაბულ მატჩებზე მსაჯებს მაშინ ნიშნავენ, როდესაც აინტერესებთ, როგორ იმოქმედებენ ისინი დიდი წნეხის პირობებში. ეს მსოფლიო რაგბის მხრიდან ერთგვარი აღიარებაა და იძლევა იმის წინაპირობას, რომ მომავალში უფრო მაღალი დონის თამაშებზე დაგვნიშნავენ” – თქვა ნიკა ამაშუკელმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *