მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი თბილისში ჩამოვა

მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი თავისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან ერთად 26 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ბოლო პერიოდში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და საქართველოს ნაკრების მაღალ შედეგებს უკავშირდება.

“ის რომ ბატონი ბომონტი პირადად ჩამოვა საქართველოში და ქართული რაგბის მესვეურებს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ესაუბრება, ნათელი დადასტურებაა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო მსოფლიო სარაგბო ოჯახისთვის, – პანდემიის შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება ცალკე აღებულ ერთ ქვეყანაში“ – განაცხადა მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების მიმართულების ხელმძღვანელმა პიტერ ჰორნიმ, რომელიც ბილ ბომონტის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვია საქართველოს, – „ჩვენ ქართველ კოლეგებს ვესაუბრებით თამაშის ახლებურ სტრატეგიაზე და ასევე რაგბის კომერციალიზაციაზე, განვიხილავთ ქართული რაგბის სასპონსორო ბიუჯეტსაც და შეჯიბრებების ახლებურ სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ მორაგბეებს მეტად იყვნენ წარმოდგენილნი საერთაშორისო ასპარეზზე“ – დასძინა მან.

26 სექტემბერს საქართველოში ასევე ჩამოვლენ მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი დირექტორი ალან გილპინი და საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი დევიდ ქერიგი. საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის გარდა დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სპორტისა და კულტურის მინისტრსაც შეხვდება, თანამშრომლობის საკითხებს სპექტრს შორის განიხილავენ ქართველ მორაგბეთა მომავალი თაობის ხელშეწყობის პერსპექტივასაც.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *