დიდი სლემის ტურნირების ორგზის გამარჯვებულმა გარბინია მუგურუზამ ჩიკაგოს ტურნირის ფინალში 3:6 6:3 6:0 დაამარცხა ონს ჯაბერი და კარიერაში მე-9 ტიტული მოიგო.
შეხვედრის სტარტი ტუნისელ ჩოგბურთელს ბევრად უკეთესი გამოუვიდა, ვიდრე მის მეტოქეს. ჟაბერმა მე-4 გეიმში დააბრეიკა მეტოქე და 3:1 დაწინაურდა. ონსი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა საკუთარ ჩაწოდებაზე და პირველი პარტიის ბოლომდე ესპანელი ჩოგბურთელი ბრეიკპოინტამდეც არ მიუშვა, შესაბამისად სეტიც მშვიდად მოიგო 6:3.
მეორე პარტიის მიმდინარეობისას ტუნისელი ორჯერ იგებდა ბრეიკით (1:0, 3:2), თუმცა ორივე შემთხვევაში გარბინიამ დროულად შეასრულა უკუბრეიკი და ანგარიშში წონასწორობა აღადგინა.
სეტის მიწურულს მუგურუზამ მესამედ მოიგო გეიმი მეტოქის ჩაწოდებაზე და მალე სეტებს შორის ანგარიშიც გაათანაბრა 3:6 6:3.
მესამე, გადამწყვეტი პარტიის საწყისი 14 გათამაშებიდან ესპანელმა ჩოგბურთელმა 12 მოიგო და სოლიდური, ორბრეიკიანი უპირატესობით გავიდა წინ 3:0. ტუნისელი ჩოგბურთელი ფსიქოლოგიურად გატყდა და მალევე დათმო კიდეც ბრძოლა 0:6.
ფინალური მატჩი 1 საათსა და 44 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში გარბინიას ანგარიშზე 2 ეისი, 4 ორმაგი და 6 ბრეიკი იყო. თავისმხრივ ჟაბერმა 3 ეისის წილ ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა და სამჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება.
მუგურუზამ Chicago Fall Tennis Classic-ის მოგებით 470 სარეიტინგო ქულა და 68570 დოლარი გამოიმუშავა.
განახლებული რეიტინგით ესპანელი მე-9 პოზიციიდან მეექვსემდე აღზევდება, ხოლო ჟაბერი მსოფლიო რეიტინგში თავის საუკეთესო შედეგს გააუმჯობესებს და დღეიდან მე-14 ჩოგნის სტატუსით ისარგებლებს.