მუგურუზა AUSTRALIAN OPEN-ს გამოეთიშა

ავსტრალიის ღია პირველობაზე სენსაციები გრძელდება. მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგანმა – გარბინია მუგურუზამ 3:6 3:6 წააგო ალიზ კორნესთან და Australian Open-ს მეორე წრიდან გამოეთიშა.

შეხვედრის სტარტი ფრანგ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. მუგურუზას არ გამოსდიოდა ჩაწოდება და რეგულარულად უწევდა ბრეიკპოინტების მოგერიება (10-დან 9 ბრეიკპოინტი მოიგერია), თვითონ კი ვერცერთხელ ვერ შეძლო ბრეიკპოინტამდე მისვლაც კი.

კორნემ იოლად შეინარჩუნა მოპოვებული ჰანდიკაპი და 47 წუთში 6:3 იმარჯვა.

მეორე პარტიის საწყის 4 გეიმში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა(2:2), რის შემდეგაც გარბინიას ისევ ჩავარდნა დაეწყო – მომდევნო 5 გეიმიდან 4 წააგო და მასთან ერთად მატჩიც 6:3 6:3.

“რთული დღე იყო. ჩაწოდება არ მიმდიოდა, დარტყმები არ გადიოდა. რეგულარულად ვიღებდი არასწორ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს. ჩემი მოწინააღმდეგე ძალიან კარგად თამაშობდა. ვფიქრობ, რომ კორნე ტოპ მოთამაშეების წინააღმდეგ ყოველთვის კარგად ასპარეზობს ხოლმე.

2022 წლის სეზონის სტარტი საკმაოდ მძიმე გამოვიდა. ავსტრალიაში გამოფრენის წინ ჩემი სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრს დაუფიქსირდა კორონავირუსი და ამის გამო 15 დღიანი იზოლაცია გავიარეთ. რთული იყო ასეთ პირობებში მომზადება. ფიზიკური გამძლეობის მხრივაც საკმაოდ გამიჭირდა.

სახლის პირობებში ვარჯიში რათქმაუნდა შემიძლია, მომწონს კიდეც ეს პროცესი. უნდა ვაღიაროთ, რომ სრულფასოვანი მომზადება მაინც არ გამოვიდა, რამაც პრობლემები შემიქმნა” – განაცხადა მუგურუზამ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსოფლიო რეიტინგის 61-ე ჩოგანი ალიზ კორნე ტურნირის მესამე წრეში ტამირა ზიდანშეკს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published.