ტოკიოს ოლიმპიადაზე დასრულდა რაგბი 7-ის ტურნირი მამაკაცთა შორის, რომლის გამარჯვებულიც ფიჯის ნაკრები გახდა.
„მფრინავმა ფიჯელებმა“ 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზეც ოქროს მედლები მოიგეს, 5 წლის შემდეგ კუნძულელებმა ტრიუმფი უკვე იაპონიაში მოაწყვეს.
ფინალურ შეხვედრაში ფიჯი ახალი ზელანდიის ნაკრებს უპირისპიდებოდა. ტურნირის მსვლელობისას აშკარად ჩანდა, თუ ვინმე გაუწევდა კონკურენცია მოქმედ ჩემპიონებს, ეს მხოლოდ „ოლ ბლექსი“ უნდა ყოფილიყო.
შეხვედრის სტარტი ფიჯელებს შესანიშნავი გამოუვიდათ – მეორე წუთზე ლელო დერენალაგიმ დადო, ხოლო მომდევნო შეტევაში თავი მაქალამ გამოიჩნა. ბოლაქამ ორიდან ერთი გარდასახვა შეასრულა ზუსტად და კუნძულელები 12:0 დაწინაურდნენ.
ახალი ზელანდია მოგვიანებით გამოფხიზლდა და მათმა კაპიტანმა ქარიმ მოედნის კუთხეში მოახერხა ლელოს დადება 5:12, რასაც ფიჯელთა მხრიდან ვაინიქოლოს გაჭრილი ხაზი და სალელოვე ზონაში ბურთის დამიწება მოყვა.
პირველ ტაიმზე დამატებული მეორე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც „ოლ ბლექსმა“ მეტოქეს ლელო „გასახდელში“ გატანა – ლამაზი კომბინაცია მოლიამ დააგვირგვინა – 12:19.
თითქოს შეხვედრაში ინტრიგა დაბრუნდა, თუმცა „მფრინავმა ფიჯელებმა“ მე-12 წუთზე ყველანაირ კითხვას გასცეს პასუხი, როდესაც ტუიუვაკემ გამარჯვების მომტანი ლელო დადო.
მატჩის უკანასკნელ წამებზე მოპოვებული საჯარიმო დარტყმა კუნძულელებმა ზუსტად შეასრულეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს 27:12.
ფიჯის ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რაგბი 7-ში მათ მსოფლიოში ბადალი არ ყავთ და ამჟამად საუკეთესოები არიან.
ფინალი
ფიჯი – ახალი ზელანდია 27:12
მატჩი მესამე ადგილისთვის
არგენტინა – დიდი ბრიტანეთი 17:12 (არგენტინამ მოიგო ბრინჯაოს მედალი)
მატჩი მეხუთე ადგილისთვის
სამხრეთ აფრიკა – ა.შ.შ 28:7
მატჩი მეშვიდე ადგილისთვის
კანადა – ავსტრალია 7:26
მატჩი მეცხრე ადგილისთვის
კენია – ირლანდია 22:0
მატჩი მეთერთმეტე ადგილისთვის
იაპონია – სამხრეთ კორეა 31:19