შედეგიც და სხვაობაც ლოგიკური: ორი სხვადასხვა კლასის ნაკრები თამაშობდა. ნიდერლანდები არც რუმინეთია და არც მასთან მიახლოებული. ნიდერლანდები სხვა დონეა და მიუხედავად იმისა, რომ ორი წამყვანი მცველი აკლდა. ასე რომ, გასაკვირი არაფერი მომხდარა.
ფრანკ დე ბურსაც და ვილი სანიოლსაც 5-მცველიანი ტაქტიკა ჰქონდათ არჩეული. საქართველოსთვის (სანიოლის პერიოდში) ეს სიახლე იყო. სანიოლმა სცადა ეს სისტემა და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში აღარ გამოიყენებს. არ გაუმართლა – ვერც კაკაბაძე და ვერც გიორბელიძე წინ ვერ აქტიურობდნენ.
ნახევარდაცვაში აშკარა იყო მასპინძლების უპირატესობა. საქართველოსთან კი არა, ვეინალდუმ-დე იონგ-დე რუნის დონის სამეული ნახევარდაცვაში ძალიან ცოტას ჰყავს. ცხადი იყო, რომ ცენტრში ძალიან გაჭირდებოდა.
მადლობა და ყოჩაღ გიორგი ლორიას, რომელმაც ბევრი რთული ბურთი მოიგერია.
დაახლოებით ათი საგოლე შანსი ჰქონდათ დე ბურის ფეხბურთელებს, საქართველოს კი რაც ჰქონდა, უნდა გამოეყენებინა. სხვანაირად ნიდერლანდები არ გაპატიებს, ეს არაა გიბრალტარი ან ანდორა.
უკვე მე-2 წუთზე აბურჯანიას ბრწყინვალე დაფარული პასის მერე ლობჟანიძე პირისპირ გავიდა და რატომღაც სტეკელენბურგისთვის თავზე ბურთის გადაგდება მოინდომა… მშვენიერი შანსი. მერე 1:0-ზე კიდევ იყო მაგარი მომენტი, როცა კიტეიშვილის კარგ პასს გვილიამ არაზუსტი დარტყმა მიაყოლა. აღსანიშნავია ლობჟანიძის აქტიურობა და ზივზივაძის გაცუდებული მომენტიც.
მეორე ტაიმი კი პირველზე ცუდი იყო. ჩვენები მოიშალნენ, ნიდერლანდები კი უფრო კარგად ათამაშდა და სივრცეებიც გამოიყენა. პირველ ტაიმში გატანილს კიდევ ორი დაამატეს. სამწუხაროდ, დავითაშვილის დარტყმა არ გავიდა (გვილიას მოხვდა ბურთი), ბოლოს კი ჯიღაურმა ხარიხას მოარტყა. ერთი გოლი რომ ქართველებს გაეტანათ, უსამართლობა ნამდვილად არ იქნებოდა.
ერთი მხრივ კი, სასარგებლო წაგებაც შეიძლება იყოს: რუმინეთთან მოგების მერე არ უნდა გვეფიქრა და არც არავინ უნდა იფიქროს, რომ ყველაფერი კარგადაა... იმ თამაშშიც ბევრი ხარვეზი იყო. ამხანაგური მატჩებიც სწორედ ამიტომაა, რომ მწვრთნელმა (და ფეხბურთელმაც) სწორი დასკვნები გამოიტანოს.
ნიდერლანდები – საქართველო 3:0
გოლები: დეპაი (10), ვიგჰორსტი (55), გრავენბერხი (67)