1997 წლის აგვისტოში ათენს გავემგზავრე, სადაც მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდებოდა. მაშინ „სარბიელში“ ვმუშაობდი, „სარბიელი“ კი ამბიციური გაზეთი იყო და ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ცოცხალი რეპორტაჟი ჰქონოდა. მოკლედ, მივლინებები ხშირი იყო.
იმ ხალხისთვის, ვისაც კითხვა სიამოვნებს, ადგილიდან გამოგზავნილ ტექსტს სხვა ეშხი და გემო აქვს. რეპორტიორისთვისაც დიდი გასაქანია. მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ თუ ქვემოთ, სულ რაღაც ხდება. ათას დეტალს შეგიძლია ჩაეჭიდო. დაჯექი და წერე.
ჩემი მაშინდელი მივლინება სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელდასმულიც იყო და ამიტომ, ჟურნალისტთა მსოფლიო გაერთიანების ეგიდით, ერთ დღეს იტალიელთა სადილზე ამოვყავი თავი. რომ იცოდეთ, როგორ აბზრიალებენ იტალიელები ჩანგალს პასტაში (ჩვენებურად მაკარონში) და რა ოსტატურად ახვევენ ყოველ ლუკმას. შეგიძლია ცალკე სახეობად შეიტანო ოლიმპიადის პროგრამაში.
სუფრასთან ღვაწლმოსილ ბერძენ და ვიღაც ამერიკელ ჟურნალისტთან მოვხვდი. გაიბა მუსაიფი. მძლეოსნობის მიმდინარე ამბებზე რომ ვილაპარაკეთ, ამერიკელმა რატომღაც იკითხა, პელმენი ხომ ქართული საჭმელიაო და ამას მოჰყვა: ქართველი, თბილისი, ათენი… კახიაშვილი.
როგორც გითხარით, 97 წელია. კახიაშვილი ოლიმპიადას ოლიმპიადაზე იგებს.
– წარმოშობით ქართველია – ვერ უარყო ღვაწლმოსილმა ბერძენმა და დასძინა – ატლანტის ოლიმპიადის ჩემპიონია.
– ბარსელონის და ატლანტის – შევუსწორე. მაგას შევარჩენდი? რატომ უნდა ჰგონებოდა ამერიკელს, რომ კახიაშვილმა მარტო საბერძნეთის სახელით მოიგო ოლიმპიადა. 92-ში საქართველოს დროშაც ხომ აღმართა, ჰიმნიც ხომ დააგუგუნა. თან, ხომ იცით მაშინ რა მოხდა? დაჯილდოების ცერემონიალის დროს მასპინძლებმა ტაბლოზე რუსეთი დაწერეს. ფლაგშტოკზე დროშაც რუსული ჰქონდათ გამზადებული. ეს რომ დაინახა, კახიმ კვარცხლბეკზე ფეხი არ შედგა. ხელით ანიშნა, წარწერა გამოცვალეთო. მერე მოტრიალდა და თავის ზურგზე მიუთითა, შეხედეთ, საქართველო წერიაო.
92-ში საბჭოთა კავშირი აღარ იყო, მაგრამ რესპუბლიკები ჯერ დამოუკიდებლად მაინც არ გამოდიოდნენ. ნასაბჭოთაკავშირალის დელეგაციას გაერთიანებული გუნდი ერქვა, მედლები საერთო ჩათვლაში მიდიოდა, მაგრამ დროშა და ჰიმნი უკვე ყველას თავისი ჰქონდა.
(2000 წელს კახიაშვილმა საბერძნეთის სახელით კიდევ ერთხელ მოიგო ოლიმპიური ოქრო).
და აი, ზემოთ აღწერილი, მაკარონდახვეული საუბრიდან ორიოდ დღეში მე და გაზეთ „დრონის“ აწგანსვენებული რედაქტორი, ბრწყინვალე ადამიანი და უფროსი მეგობარი გოგი ჩოჩიშვილი, კახი კახიაშვილის კომფორტული მანქანით ათენის ქუჩებში მივსრიალებდით. იცით, როგორ განსხვავდებოდა ეს მანქანა იმ თბილისური ტროლეიბუსისგან, რომელსაც 93-ში ზედ ჩამოკიდებული ოლიმპიური ჩემპიონი(!) სავარჯიშოდ გაყინული დარბაზისკენ მიჰყავდა? იცით, იმ საბრალო, გაწამებული ხალხისგან განსხვავებით, 90-იანების დასაწყისში კახისთან ერთად ტროლეიბუსში რომ ეტენებოდა, რა მოწიწებით და აღფრთოვანებით ესალმებოდნენ ათენელები თავიანთ გმირს?
ქუჩაში, შუქნიშანზე წითელი რომ ინთებოდა, გვერდით მომდგარ მანქანაში ყიჟინა ტყდებოდა. რატომ? კახიაშვილი დაინახეს და იმიტომ. იყო ერთი ხელის ქნევა და სალამი.
– შეიძლება თქვენთან სამახსოვრო ფოტოს გადაღება?
– ავტოგრაფი შეიძლება?
– ეს ბოთლი რესტორნის ხარჯზე იყოს. ინებეთ, — მორბოდა ოფიციანტი.
კახიმ გოგი და მე ათენში გვატარა. პატივი გვცა. მერე ინტერვიუ ჩამოვართვი. აქ, მაშინდელ საუბარს და ოცდაოთხი წლის წინანდელ წერილს ცხადია აღარ მივუბრუნდები და არც იმას გავიხსენებ, რომ ბერძნებისგან აკაკიოს კახიაშვილისად წოდებული კახი კახიაშვილი მაინც გულდაწყვეტილი მეჩვენა. რასაკვირველია, ერჩივნა სამივე ოქრო საქართველოს სახელით მოეგო, მაგრამ აქ რომ დარჩენილიყო, იმ გაყინული დარბაზის გადამკიდე უფრო საავადმყოფოში მოხვდებოდა, ვიდრე ოლიმპიადაზე.
წარმოიდგინეთ, კუს ტბისკენ ადიოდა, ტყეში შეშას აგროვებდა და ღუმელში უკეთებდა, დიდ დარბაზში უშუალოდ შტანგის გვერდით მაინც რომ მოეტეხა ცოტათი ყინვა.
ეს ამბები კარგად მახსოვს. მაშინ ამაზე რამდენიმე წერილი დავწერე კიდეც. ჩემი ჭკუით მხარში მინდოდა დავდგომოდი. მაგრამ მე რა შემეძლო.
ათენის მერე კი აღარც შევხვედრივარ.
ახლა, კახი კახიაშვილი საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია. ანუ, აქტიურ სპორტს თავი რომ დაანება, სამშობლოში დაბრუნდა. ქართული ძალოსნობა კი დღეს ლაშა ტალახაძეა. ანტონ პლესნოია. გიორგი ასანიძეა, ოლიმპიური ჩემპიონი და მწვრთნელი. დარბაზებიც იმედია თბება, თუმცა უმაღლესი სტანდარტებისა შესაძლოა მაინც არ იყოს. რაც არ ვიცი, იმაზე ვერ ვილაპარაკებ.
სხვა რაღა. ვატყობ, ოლიმპიადის ნაბახუსევიდან ჯერ არ გამოვსულვარ და ეს ძველი ამბებიც ტოკიოს დიდმა გამარჯვებებმა გამახსენა.