მელბურნში სტარტი აიღო ავსტრალიის ღია პირველობის რიგით 111-ე გათამაშებამ. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში, მსოფლიო რეიტინგის ლიდერ კარლოს ალკარასს ტრავმა აქვს და ვერ ასპარეზობს წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე. სწორედ ამ მიზეზის გამო, რაფაელ ნადალი პირველ ნომრად განითესა Australian Open 2023-ზე.
რაფას მიმდინარე სეზონის სტარტი საკმაოდ მძიმე გამოუვიდა – United Cup-ზე 2 შეხვედრა ჩაატარა და ორივე დათმო. მიუხედავად წაგებული მატჩებისა, ნადალი ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს არწმუნებდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა რეალობა აშკარად სხვაა.
Australian Open-ის პირველ რაუნდში ესპანელის მეტოქე ჯეკ დრეიპერი გახლდათ. ბრიტანელი ჩოგბურთელი რეიტინგში 38-ე პოზიციას იკავებს და განსაკუთრებით ძლიერი ჩაწოდებით გამოირჩევა.
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ვერცერთი ჩოგბურთელი ვერ ახერხებდა ბრეიკპოინტებამდე მისვლას. მე-12 გეიმში, 6:5-ზე რაფაელი გააქტიურდა, მეტოქეს ზედიზედ რამდენიმე შეცდომა დააშვებინა და ნანატრი ბრეიკიც შეასრულა 7:5.
მეორე სეტის დაწყება გაიწელა, რადგან მცირე წვიმა წამოვიდა და ამან 15 წუთიანი იძულებითი პაუზა გამოიწვია. კორტზე დაბრუნებულმა ჯეკმა მოულოდნელად სუპერ ჩგბურთის თამაში დაიწყო და ზედიზედ 4 გეიმის მოგებით სოლიდური ჰანდიკაპი შეიქმნა 4:0.
ესპანელს არაფერში არ უმართლებდა – კორტიდან წუთშესვენებაზე გასულ ნადალს სათამაშო ჩოგანი აღარ დახვდა ადგილზე – ბოლბოის აერია და სიმების დასაჭიმად გამზადებული ჩოგნის ნაცვლად, სათამაშო ჩოგანი წაიღო.
არაერთი მცდელობის მიუხედავად რაფამ ვერაფერი გააწყო დრეიპერის უძლიერეს ჩაწოდებასთან და 2:6 წააგო.
ყველაზე დრამატული და სანახაობრივი მესამე სეტი გამოდგა – დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებულმა იდეალური სტარტი აიღო და 4:1 დაწინაურდა. მოულოდნელად ესპანელს ისევ ჩავარდნა დაეწყო – ბადესთან გამოსულმა ჯეკმა არაერთი მნიშვნელოვანი ქულა მოიგო, უკუბრეიკიც შეასრულა და წონასწორობაც აღდგა 4:4.
გადამწყვეტი ისევ გამოცდილება გამოდგა – 5:4-ზე ნადალმა მეტოქე ბადესთან გამოსვლის მცდელობისას გამოიჭირა, მეორე ბრეიკპოინტის რეალიზება შეძლო და სეტიც “წაიღო” 6:4.
მეოთხე პარტიაში დრეიპერს კუნთების დაჭიმულობის პრობლემა შეექმნა და ძლივს გადაადგილდებოდა კორტზე. ნადალმა ეს უპირატესობა იდეალურად გამოიყენა, სეტი 6:1 მოიგო და მასთან ერთად მატჩიც 7:5 2:6 6:4 6:1.
შეხვედრა 3 საათს და 43 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ნადალის ანგარიშზე 6 ეისი, 3 ორმაგი და 6 ბრეიკი იყო. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა 13 ეისის წილ 3 ორმაგი დაუშვა და ოთხჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების მოგება.
ხარისხობრივად ჩოგბურთი არცთუისე მაღალი იყო, რადგან ვინერსებს უნებლიე შეცდომები ბევრად სჭარბობდა: ნადალს 41 ვინერსი და 46 უნებლიე შეცდომა ქონდა, ხოლო ჯეკს 35/46-ზე.
ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში რაფას მეტოქე ამერიკელი მაკენზი მაკდონალდი იქნება, რომელმაც თავისმხრივ პირველ რაუნდში 7:6 7:6 1:6 6:7 6:4 მოუგო თანამემამულე ბრენდოან ნაკაშიმას.