ნადალმა აკაპულკოს ტურნირი მოიგო

დიდი სლემის ტურნირების 21 გზის გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა წარმატებით იასპარეზა მექსიკის ქალაქ აკაპულკოში გამართულ 500-იანთა კატეგორიის ტურნირზე. ფინალურ მატჩში “რაფამ” 6:4 6:4 სძლია კამერონ ნორის და კარიერაში 91-ე ATP-ის ტურნირი მოიგო.

შეხვედრის საწყისმა ოთხმა გეიმმა “მშვიდად” ჩაიარა – ორივე ჩოგბურთელი მარტივად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. მე-5 გეიმში ნადალი გააქტიურდა, ორმაგი ბრეიკპოინტი მიიღო და პირველივე მცდელობით შეძლო ბრეიკის შესრულება.

კამერონ ნორიმ მცდელობა არ დააკლო, რომ უკუბრეიკი შეესრულებინა, თუმცა ბრეიკპოინტამდეც ვერ მივიდა და სეტი 4:6 წააგო.

null

მეორე პარტიის სტარტზე ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც ბრიტანელი 2:1 დაწინაურდა. რაფაელი დროულად გამოფხიზლდა – ესპანელმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 4 გეიმის მოგება შეძლო და შეხვედრაში გამარჯვებულის ბედი გადაწყვიტა.

2:5-ზე ნორიმ ერთი უკუბრეიკის შესრულება შეძლო, თუმცა მატჩი მაინც ვეღარ გადაარჩინა 4:6 4:6.

35 წლის ნადალმა 2022 წლის სეზონი ზედიზედ 15 მატჩის მოგებით გახსნა.

2022 წელს რაფას უკვე სამი ტიტული აქვს მოგებული – მელბურნი, ავსტრალიის ღია პირველობა და აკაპულკო.

null

ნადალმა აკაპულკოს ტურნირი კარიერაში მეოთხედ მოიგო.

აკაპულკოს ტურნირის ისტორიაში ნადალი ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონია. 2005 წელს 18 წლის რაფამ პირველად მოიგო მექსიკის ტურნირი და ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა, დღეს კი უკვე 35 წლის ასაკში შეძლო ტურნირის მოგება და ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონიც გახდა.

ხვალიდან, რაფაელ ნადალი მსოფლიო რეიტინგში გადაასწრებს სტეფანოს ციციპასს და მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი გახდება.

Leave a comment

Your email address will not be published.