მანჩესტერ იუნაიტედის და პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ლუიშ ნანი კარიერას ვენეციაში გააგრძელებს. 35 წლის გარემარბმა გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ნანი ბოლოს ამერიკულ ორლანდო სიტიში თამაშობდა, სადაც კონტრაქტი დაუმთავრდა და იტალიელებმა იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს. აღსანიშნავია, რომ ნანის ბოლონია და ჯენოაც იწვევდა, თუმცა პორტუგალიელმა არჩევანი ვენეციაზე შეაჩერა.
ნანი სპორტინგის აღზრდილია და მისი პირველი კლუბიც ლისაბონური გუნდი გახლდათ. შემდეგ იყო მანჩესტერ იუნაიტედი (2007-14), სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა, ჩემპიონთა ლიგა და 4-ჯერ პრემიერლიგა მოიგო. ნანი ასევე ფენერბახჩეს, ვალენსიას და ლაციოს ღირსებასაც იცავდა. ბოლოს კი როგორც უკვე გითხარით ორლანდო სიტიში გამოდიოდა.
რაც შეეხება ვენეციას, გუნდი სერია ა-ში 17 ქულით მე-17 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას ემპოლისთან გამართავს.