“ნაპოლი სწორია” – იტალიელების გამოხმაურებები ხვიჩაზე

ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი. საინტერესო კომენტარებია იტალიურ პრესაში. ზოგი ფრთხილი, ზოგიც აღმატებული ხარისხის…

აი, რა თქვა ნაპოლისა და იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა სალვატორე ბანიმ, რომელიც დიეგო მარადონას მეგობარი გახლდათ.

არ ვიცი, რას აპირებს ნაპოლი. თუ კვარაცხელიას  ლორენცო ინსინიეს შემცვლელად განიხილავენ, მაშინ სანახევრო გაძლიერებაა. გასაგებია, ეს ახალგაზრდა ინსინიესავით მარცხენა ფლანგზე თამაშობს, მაგრამ ცოტა გოლი გააქვს. კვარაცხელიას აქვს დრიბლინგი ტექნიკა, მაგრამ გოლი?.. პირადად მე მაინც იმათ ვანიჭებ უპირატესობას, რომლებსაც სეზონში ათზე მეტი ბურთი გააქვთ. ქულები გოლებს მოაქვს. თუმცა შესაძლოა, ვცდები და ლუჩანო სპალეტის ის ფეხბურთელები ურჩევნია, რომლებიც უკან ბევრს მუშაობენ“.

იტალიელმა კომენტატორმა პაოლო ბარგიჯამ ხვიჩა შეაქო: „10 მილიონი ევრო კვარაცხელიას ტრანსფერში: კარგი გარიგებაა. ამ ფეხბურთელს მილანი აკვირდებოდა. ძალიან ძლიერი ახალგაზრდა შემტევია. ნაპოლი სწორად მოიქცა, რომ ის აირჩია და არა ვინმე სხვა რომელიმე ძვირადღირებული ფეხბურთელი“.

ჟურნალისტი რაფაელ ორიემა: „კვარაცხელია ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელია. სავარაუდოდ, სწორედ მან უნდა გააძლიერის ნაპოლი“.

და კიდევ, ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ აღნიშნა:

„კვარაცხელია ამ ეტაპზე ჩვენს სიაში პირველია. მას დიდი ხანია ვაკვირდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ნაპოლიში ჩამოვიყვანოთ. კიდევ არის დრო, სანამ სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. საჩქარო არაფერია, მოვიცდით და გეგმით ვიმოქმედებთ.

…კვარაცხელიას ყველა პარამეტრები აქვს, რათა ნაპოლიში წარმატებით ითამაშოს. ტექნიკური თვალსაზრისითაც და მენტალურითაც. საინტერესო ფეხბურთელია“.

და დიდი ალბათობით, მექსიკელი ლოსანოც დატოვებს ნაპოლის. ინსინიე კი, როგორც იცით, ზაფხულში MLS-ის ტორონტში გადავა.

Leave a comment

Your email address will not be published.