ზეპოპულარულ FourFourTwo-ში ჩისკოსთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. ინგლისური უოტფორდის მწვრთნელი ის კაცია, რომელმაც საქართველოში კარგი სახელი დატოვა: როგორც ფეხბურთელმაც და როგორც მწვრთნელმაც.
იანვარში, როცა ჩისკო ინგლისის ჩემპიონშიფის მეხუთეადგილოსან უოტფორდში დაინიშნა, ყველას გაუკვირდა. ინგლისურ პრესაში იწერებოდა: „ვინაა ჩისკო?“, „კლუბს დასცინიან“… თუმცა ესპანელმა უოტფორდი პრემიერლიგაში გადაიყვანა.
საქართველოში გატარებულ პერიოდზე: „12 წელი ვითამაშე ესპანეთში და სიახლეს ვეძებდი. შესანიშნავი რამ მივიღე. უცხო კულტურა ვნახე, რაც ხშირ შემთხვევაში ჩემში იჯდა. ამ გამოცდილების გარეშე ის ადამიანი ვერ ვიქნებოდი, ვინც ვარ. დინამომ ბევრი რამ მომცა და მადლობელი ვარ. იქ დავიწყე სამწვრთნელო კარიერა და თბილისი ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია. ორჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი მწვრთნელის რანგში, ხოლო რამდენიმე თვეში ინგლისის პრემიერლიგაში აღმოვჩნდი რთული გზის გავლით. ეს სიგიჟეა“.
აქვე, სხვა კითხვა-პასუხები შემოკლებით…
– თქვენზე ამბობენ, უოტფორდში ატმოსფერო შეცვალაო. როგორ მოახერხეთ?
– მინდოდა, საკუთარი ხედვა შემომეტანა თავისი პლუსებითაც და მინუსებითაც. არ მიყვარს სიტყვა „ნარკომანი“, მაგრამ სწორედ ასე სიგიჟემდე მიყვარს ფეხბურთი. ვცხოვრობ ფეხბურთით. მიყვარს სამსახურში სიარული, მითუმეტეს როცა გარშემო ბედნიერ ადამიანებს ვხედავ. ახლო წარსულში ვთამაშობდი და კარგად მესმის, რა ძნელია ფეხბურთელობა. ამიტომაც საჭიროა, ფეხბურთელს ისე მოექცე, როგორც გინდოდა, რომ შენ მოგქცეოდნენ. ისინი ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ ამასთან, მათი მწვრთნელიც ვარ.
– რომ გაგიმართლოთ, საამისოდ სხვებზე მეტი უნდა იმუშაოთ: ეს გრძნობა გეხმარებათ მწვრთნელობაში?
– უეჭველად. ძალიან გამიმართლა გამოცდილების კუტხით: ესპანეთის ლა ლიგა მოვიგე და გავვარდი კიდეც… ორივე გამოვცადე. უეფას თასზე და ჩემპიონთა ლიგაშიც კი ვითამაშე. მოვიგე და წავაგე კიდეც. ბევრი რამ უნდა მოიკლოთ, რათა წარმატებას მიაღწიოთ.
– ვალენსიაში რაფა ბენიტესთან მუშაობდით. რა შეგძინათ მან?
– თავის კონტროლი და თავდაჯერება. მხოლოდ წინ ყურება. ის უბრალოდ რაფაა. მწვრთნელის ეტალონია და ევერტონთან მატჩი ჩემთვის რაღაც განსხვავებული იქნება, ემოციური. რაფა ჩემთვის განსაკუთრებული პიროვნებაა, რომელმაც ისეთი რაღაცეებიც მასწავლა, რაზეც არასდროს მიფიქრია.
– უოტფორდის თემაა: ელტონ ჯონთან დუეტი გამოგივათ?
– უშანსოდ. საშინელი მომღერალი ვარ. სიმღერაში და ცეკვაში ძალიან ცუდი ვარ.
– ვიცით, რომ ესპანური სიმღერების ფანი ხართ, მაგრამ ბრიტანელებზე რას იტყვით? გასაგებია, სიმღერა არ გეხერხებათ, მაგრამ სიმღერაზე საუბარი არაა აკრძალული…
– ელტონ ჯონი? ის დიდებულია. განსაკუთრებული მომენტი იყო, როცა ელტონ ჯონი შემოვიდა გასახდელში სუონსისთან 2:0 მოგების მერე. ეს იმ დღეს, როცა პრემიერლიგაში თამაში გავინაღდეთ. ელტონ ჯონიც სწორედ ის ადამიანია, რომელიც იბრძოდა და ბარიერები გადალახა (ელტონ ჯონი წლების წინ უოტფორდის მფლობელი და დირექტორი იყო, ახლა კი საპატიო პრეზიდენტი გახლავთ და რჩევებსაც აძლევს კლუბის ხელმძღვანელობას).