სამირ ნასრიმ 34 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მოგეხსენებათ, ფრანგს დოპინგის მიღების გამო წელიწადნახევრიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა, თავად ფეხბურთელი თვლიდა, რომ გადაწყვეტილება უსამართლო იყო. RMC-ის ინფორმაციით, სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე გადაწყვიტა მან კარიერის დასრულება.
ნასრიმ საფეხბურთო კარიერა მარსელში დაიწყო. 2008-11 წლებში იგი არსენალის ღირსებას იცავდა, სადაც საუკეთესო ფორმაში იყო, 2011-16 წლებში მანჩესტერ სიტიში თამაშობდა და 2-ჯერ პრემიერლიგა მოიგო, შემდეგ იყო სევილია, ანთალიასპორი, ვესტ ჰემი და ბოლოს ანდერლეხტი.
ნასრი წლების მანძილზე სანფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი გახლდათ. მამლების რიგებში მან 41 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლი საქართველოს ნაკრების კარში შეაგდო.