დღეს გამთენიისას სტარტი აიღო ნბა-ს ახალმა – 2021/22 წლების რეგულარულმა სეზონმა. გახსნით შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა „მილუოკიმ“ ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს „ბრუკლინს“ უმასპინძლა და მეტოქე 127:104 დაამარცხა.
ქართველი გულშემატკივრებისთვის ორმაგად სასიხარულოა სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი ისეთ ძლიერ გუნდში, როგორიც „ბაქსია“. სანდრომ პარკეტზე 7 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 1 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი იყო.
შეხვედრის პირველ მეოთხედში იანის ანტეტენკუმპომ(32 ქულა, 14 მოხსნა,7 პასი, 2 დაფარება) და მისმა თანაგუნდელებმა 37:25 იმარჯვეს, მეორე პერიოდში უკვე კევინ დურანტმა(32 ქულა,11 მოხსნა,4 პასი, 2 დაფარება) ულიდერა „ნეთსს“ და სტუმრებმა მეტოქესთან ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს 59:66. ძალიან კარგად გამოიყურებოდა ავსტრალიელი უკანახაზელი პატ მილსი, რომელმაც შვიდიდან 7 სამქულიანი ჩააგდო.
მესამე მეოთხედში ისევ მასპინძლებმა მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა – ზედიზედ აიღო ქულები კრის მიდლტონმა, მშვენივრად გამოიყურებოდნენ შეცვლაზე შემოსული კალათბურთელები – ჯორდან ნვორა(15 ქულა) და პატ კონაუტონი(20 ქულა).
„მილუოკი“ დიდი სხვაობით გაექცა ანგარიშში მეტოქეს და მატჩის უკანასკნელი წუთები „გარბიჯ თაიმად“ აქცია.