28 წლიანი მოლოდინის შემდეგ, ფინიქსში „დიდი კალათბურთი“ დაბრუნდა. არიზონას შტატმა ნბა-ს სუპერ ფინალის შეხვედრას ბოლოს 1993 წელს უმასპინძლა, როდესაც მაიკლ ჯორდანმა სერიის მე-6 მატჩში თავისი „ჩიკაგო ბულსით“ დაამარცხა ჩარლზ ბარკლის „სანზი“ და მესამე საჩემპიონო ბეჭედი მოიგო, ამის შემდეგ კი დიდმა დრომ გაირბინა.
ნბა-ს სუპერ ფინალის გახსნით შეხვედრაში „ფინიქსმა“ კრის პოლის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე 118:105 სძლია „მილუოკის“ და საპლეიოფო სერიაში 1:0 დაწინაურდა.
შეხვედრის პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა – მასპინძელთა რიგებიდან გამოირჩა მიკალ ბრიჯესი, რომელიც კონტრშეტევებზე მშვენივრად მოქმედებდა და არაერთი სწრაფი შეტევა დააგვირგვინა წარმატებით, ძალიან კარგი იყო მეორე ხუთეულიდან შემოსული კამერონ პეინი, რომელმაც 30 წამიან ინტერვალში 2 სამქულიანი ჩააგდო.
სტუმართა რიგებიდან კი სოლიდურად გამოიყურებოდა იანის ანტეტენკუმპო, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და თავისი აგრესიული თამაშით არ აძლევდა მეტოქეს ანგარიშში დიდი სხვაობით წინ გასვლის საშუალებას.
პირველი ტაიმი მასპინძელთა ლოგიკური გამარჯვებით დასრულდა 57:49, მესამე მეოთხედის სტარტზე კი „სცენაზე გამოვიდა“ კრის პოლი, რომელმაც ფენომენალური თამაში აჩვენა და 12 წუთის განმავლობაში 16 ქულა აიღო. „პატარა გენერალი“ ბრწყინვალედ აკონტროლებდა საკუთარი გუნდის თამაშის ტემპს და იდეალურად „დირიჟორობდა“ თანაგუნდელებს.
პოლის ულამაზესი პასებით სამწამიან ზონაში სრული დომინაცია დაამყარა დეანდრე ეიტონმა, რომელმაც შეხვედრა სოლიდური ორმაგი დუბლით დაასრულა 22 ქულა+19 მოხსნა, „ფინიქსი“ კი მეტოქეს გაექცა ანგარიშში და უკანასკნელი პერიოდის წინ 20 ქულიანი ჰანდიკაპიც შეიქმნა.
მეოთხე მეოთხედის სტარტზე კრის მიდლტონმა რთული მდგომარეობიდან ზედიზედ ორჯერ ჩააგდო სამქულიანი, თუმცა „სანზის“ პასუხიც მალე „მოვიდა“ – დევინ ბუკერმა ზუსტად გაისროლა პერიმეტრიდან და სტუმართა ეს მცდელობაც უცბად „ჩაახშო“.
შეხვედრის გმირი კრის პოლი გახდა, რომლის ანგარიშზეც 32 ქულა და 9 პასი იყო, 27 ქულა ქონდა დევინ ბუკერს.
დეანდრე ეიტონმა კი დანკანის მიღწევა გაიმეორა – ლეგენდარული ტიმის შემდეგ ეიტონი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ნბა-ს სუპერ ფინალის სადებიუტო შეხვედრაში მინიმუმ 15ქულა და 15 მოხსნა დააგროვა.
Ayton showed out in his first Finals game 🔥 pic.twitter.com/dnfhK8rLec
— Bleacher Report (@BleacherReport) July 7, 2021
„მილუოკის“ რიგებიდან 29 ქულა ქონდა კრის მიდლტონს, სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა იანის ანტეტენკუმპომ – 20 ქულა+17 მოხსნა, 17 ქულა ჩააგდო ბრუკ ლოპესმა.
არ წაუვიდა თამაში ჯრუ ჰოლიდეის, რომელმაც 14-დან მხოლოდ 4 ბურთი მოათავსა მეტოქის კალათში და მატჩი 10 ქულით დაასრულა