ნედ მასწავლებელი… მარადონა, დორტმუნდი, დინამო, კაშია, ლორია

ვინ იყო ყველაზე მაგარი უცხოელი ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს კლუბში ჩამოსულა? ბევრი ჩისკოს იტყვის და ალბათ ასეცაა, მაგრამ მანამდე იყო კიდევ ერთი… ავსტრალიელი ნედ ზელიჩი.

წარმოშობით ხორვატი, მაგრამ ავსტრალიაში დაბადებულ-გაზრდილი ზელიჩი გერმანიის ჩემპიონი იყო დორტმუნდში 1995 წელს. მანამდე ორი წლით ადრე დორტმუნდშივე უეფას თასის ფინალამდე მიაღწია. იქ კი რობერტო ბაჯოს იუვენტუსთან წააგეს… სუპერდორტმუნდი იყო, ოტმარ ჰიტცფელდის გუნდი. 97-ში ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, თუმცა ზელიჩი იმ წელს წავიდა, უკვე ფრანგულ ოსერში თამაშობდა.

წარმოიდგინეთ, ზელიჩი 36 წლის ასაკში თბილისის დინამოში ჩამოიყვანეს, 37 წლის ასაკში კი დინამოშივე დაასრულა კარიერა. იმ ერთ სეზონში კი დინამოს წვრთნიდა ჩეხი დუშან უჰრინი (უფროსი) და მას კახა კაჭარავა ეხმარებოდა. დინამო ჩემპიონი გახდა, ხოლო ზელიჩისა და სლოვაკი მილოშ კრშკოს დუეტი საუკეთესოდ ითვლებოდა.

გურამ კაშიამ თქვა, რომ ზელიჩისგან ძალიან ბევრი ისწავლა. ცნობილი კომენტატორი გიგა გვენცაძე იმ დროს დინამოს პრესატაშე გახლდათ და მისგან ვიცით, რომ კაშიას გარდა, სხვა დინამოელებიც რჩევებს იღებდნენ ავსტრალიელისგან. ზელიჩი ფაქტიურად მწვრთნელი იყო მოედანზე. გიორგი ლორიამაც თქვა, მის გვერდში სხვანაირად მშვიდად ვიდექი კარშიო.

დინამოს ხელმძღვანელობას ზელიჩის კიდევ ერთი წლით შენარჩუნება სურდა, მაგრამ ავსტრალიელი სამშობლოში წავიდა.

„მეუღლე და ორი პატარა შვილი მყავს. დროა, მათთან ერთად მეტი დრო გავატარო. საქართველოში ბედნიერი ვიყავი. ახალი მიმზიდველი კონტრაქტი შემომთავაზეს, მაგრამ პენსიაზე გასვლის დროა“.

იმ პერიოდში ომიც დაიწყო. რუსული აგრესია 2008 წლის აგვისტოში… მაშინ ზელიჩმა ავსტრალიურ ტელევიზიაში თქვა, რომ ქართული ენა ასე თუ ისე ისწავლა და ესმოდა, რომ სიტუაცია რთული იყო. თქვა, რომ ომის დროს ფრანკფურტში, თავის სახლში ცხოვრობდა და იქიდან უკავშირდებოდა ხოლმე საქართველოში თავის ყოფილ თანაგუნდელებს.

90-იანებში ზელიჩი ავსტრალიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. სხვათა შორის, ცენტრალური ნახევარმცველი გახლდათ, ეს მერე ასაკში შესვლისას დაიწია მცველად.

1993 წელს მსოფლიო ჩემპიონატში თამაშის შანსი მიეცა. ავსტრალია გადამწყვეტ შეხვედრაში არგენტინას შეხვდა, რომელსაც იმ პერიოდში ცუდად ჰქონდა საქმე. არგენტინამ კოლუმბიასთან შინ 0:5 წააგო და მსოფლიოზე გასასვლელად ფლეი-ოფი დასჭირდა. სპეციალურად ამ შეხვედრებისთვის ემზადებოდა დიეგო მარადონა…

 

პირველი მატჩი ავსტრალიაში 1:1 დასრულდა, მერე კი არგენტინამ 1:0 მოიგო. სწორედ ავსტრალიაში, მარადონას საგოლე პასით აბელ ბალბომ გაიტანა, ხოლო სამ წუთში მასპინძლებმა რომ გაათანაბრეს, ზელიჩის დიდი დამსახურება იყო, მაგარი პასით არგენტინელთა მთელი დაცვა არია.

ზელიჩი კარიერის დასრულების მერე ტელეწამყვანი გახდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *