პსჟ-ს ლიდერი ნეიმარი ტრავმის შემდეგ კვლავ გამოჯანმრთელების პროცესს გადის. L’Equipe-ს ცნობით, ბრაზილიელი მადრიდის რეალთან ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 მატჩს გამოტოვებს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობის საკითხი.
ნეიმარმა ბოლოს 28 ნოემბერს სტ. ეტიენთან ითამაშა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 14 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. საკვირველია, მაგრამ ბოლო წლებში ხშირია შემთხვევა როცა ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის მინიმუმ 1 1/8 ფინალს ტოვებს ხოლმე. მავანნი ამბობენ, რომ ბრაზილიელი ამას განგებ აკეთებს, რათა დის დაბადების დღეს დაესწროს.
რაც შეეხება პსჟ-ს და რეალის დაპირისპირებას, ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი 16 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი 10 მარტს.