ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნეიმარი პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულში ბარსელონადან 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ამ ამბით დაინტერესებულებმა კარგად იცოდნენ, რომ ბრაზილიელი პსჟ-სგან ასტრონომიულ ხელფასს მიიღებდა, თუმცა ზუსტი ციფრები არავინ იცოდა.
Mundo Deportivo-მ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც დეტალურად არის ასახული თუ რა თანხას იღებს ბრაზილიელი ფრანგული გუნდისგან. ეს თანხები ჯამში 500 მილიონს სცდება.
ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელის ტრანსფერის შემდეგ, მისთვის გადახდილი ხელფასი 489.23 მილიონ ევროს შეადგენს. ამავე დროს, თუ არსებული კონტრაქტი კიდევ გაგრძელდება, ფეხბურთელი დამატებით 50 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ნეიმარი კონტრაქტის 2025 წლამდე გაგრძელებას დათანხმდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფრანგული გუნდი მალე დაიწყებს ფეხბურთელისთვის გაზრდილი ხელფასის გადახდას. დამატებით ინტერესს იწვევს კონტრაქტის პუნქტი, რომლის მიხედვითაც პსჟ ვალდებულია ნეიმართან დაკავშირებით ბარსელონასგან ყველა შესაძლო წინადადება განიხილოს.
ხელშეკრულებაში კიდევ ერთი საინტერესო პუნქტია. პსჟ ნეიმარის საშემოსავლო გადასახადების 50%-ს იხდის.