გუშინ გამართულ ივენთს, სადაც ჯეიკ პოლმა ტაირონ ვუდლი მეორედ დაამარცხა, საბრძოლო ხელოვნების არაერთი გამორჩეული წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის იყო ნეიტ დიაზიც, რომელიც ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. მას მთავარი ბრძოლის დაწყებამდე ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმ ჯეიკისა და ვუდლის დაპირისპირებასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება სთხოვა, რაზეც დიაზმა ჩვეულ სტილში უპასუხა: “ფეხებზე მკიდია ეგ ბრძოლა, მე აქ ჩემი ბიჭების საგულშემატკივროდ ვარ.”
სოც.ქსელში ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აშინებს დარტყმის იმიტაციით ნეიტი სრულიად უცნობ მამაკაცს, რომელსაც შიშისგან მთელი კათხა ლუდი გადაესხა. აღნიშნული ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.