რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები 26 ივნისს, თელავში ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომელშიც ერთი დებიუტანტია – მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი.
სამწუხაროდ ტრავმების გამო კიდევ სამი მორაგბე გამოგვაკლდა. ლაშა ხმალაძისა და სანდრო თოდუას ტრავმები იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ისინი ზაფხულის ტესტებს გამოტოვებენ. ტრავმირებულია და სამხრეთ აფრიკაში ვერ მიემგზავრება დავით მესხიც. თუმცა, მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ 17 ივლისს, შოტლანდიასთან მატჩისთვის მზად იქნება.
ლევან მაისაშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
“ლაშა ხმალაძე და სანდრო თოდუა შეკრებაზე ტრავმებით შემოვიდნენ, რომლებიც მანამდე ვერ დაუდგინეს. თოდუამ დიდი 10-ის ფინალიც ტრავმირებულმა ითამაშა. ხმალაძეს კი, კუნთის ნაწილობრივი დაზიანება აღმოაჩნდა.
ძველი ტრავმა გაუმიზეზდა დავით მესხსაც და, სამწუხაროდ, აფრიკაში ვერც ის მიგვყავს. დაენიშნა მკურნალობის კურსი და თუ მზად იქნება, არაა გამორიცხული შოტლანდიასთან თამაშის კვირაში ისევ დაგვემატოს. ყოველივე აქედან გამომდინარე, რომ შეკრებაზე შესვლის შემდეგ ერთბაშად სამი ხაზის მოთამაშე დაგვაკლდა, დავუძახეთ ირაკლი სიმსივეს, რომელსაც ახალგაზრდული ნაკრებიდან ვიცნობთ და მას შემდეგ ვაკვირდებით. მან სეზონი სტაბილურად ჩაატარა, ფიზიკურად კარგი მონაცემები აქვს და მუდმივად პროგრესირებს. ის აფრიკაში ჩვენთან ერთად მოდის და თუ მოგვეცა შესაძლებლობა, შანსსაც აუცილებლად მიიღებს”.
ნიდერლანდებთან აქამდე ოთხჯერ გვითამაშია. პირველი შეხვედრა შორეულ 1995 წელს მეტოქის გამარჯვებით დასრულდა (55:3), ბოლო სამი მატჩი კი, 2000-2002 წლებში ბორჯღალოსნებმა მოიგეს – 41:6, 32:3 და 88:0. 2002 წელს ნიდერლანდები ქვედა დივიზიონში დაქვეითდა და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე წლეულს, მაისში, ბელგიის 23:21 ძლევის შემდეგ დაბრუნდა.
საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ილია სპანდერაშვილი
16.შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. გიორგი ჯავახია, 20. ირაკლი ცხადაძე, 21. მიხეილ ალანია, 22. დემურ თაფლაძე, 23. გიორგი ბაბუნაშვილი