ნიდერლანდებმა ისე დაიწყეს, გეგონებოდა სუპერმატჩს ჩაატარებდნენ. კოდი გაკპომ კვლავ გაიტანა და მე-6 წუთზე წინ გაიყვანა ნარინჯისფერები, მაგრამ რაც დრო გადიოდა, სათამაშო უპირატესობა ეკვადორისკენ გადადიოდა და ლოგიკურიც იყო, რომ ანგარიში გათანაბრდა… პარვის ესტუპინიანმა დაარტყა, მეკარე ნოპერტმა მოიგერია და დამატებაზე ენერ ვალენსია გაჩნდა – 1:1.
ენერ ვალენსიამ ეკვადორისთვის წინა მსოფლიოზე (2014) სამი გოლი გაიტანა და ახლაც სამი გოლი მოუგროვდა. მის გარდა ბოლო ორ მუნდიალზე ეკვადორიდან ვერავის ვერ გააქვს… და პლუს, ვალენსია მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია (ჯერჯერობით).
მალევე ეკვადორელმა გონსალო პლატამ ხარიხას მოარტყა ბურთი. და ზოგადად, მეორე ტაიმში ეკვადორი უკეთესი იყო. რატომ უტევდა უფრო მეტს ეკვადორი? ამასაც აქვს ახსნა. ცხრილიდან გამომდინარე, ნიდერლანდებს უფრო აწყობდათ ფრე, რადგან ბოლოს აუტსაიდერ ყატარს ხვდებიან და დიდია ალბათობა, რომ პირველი ადგილი დაიკავონ. ამ ჯგუფში პირველობა კი იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ინგლისს ასცდებიან მერვედფინალში.
ასეა თუ ისე, ნიდერლანდები ვერ ბრწყინავს. შეტევაში ერთადერთი ნათელი წერტილი გაკპოა. სუსტები არიან ფლანგელები.
ჯგუფის ბოლო ტურში მთავარი მატჩი ეკვადორი-სენეგალია. ეკვადორს ფრეც ეყოფა ჯგუფიდან გასასვლელად…
საუკეთესო
პარვის ესტუპინიანი. ეკვადორელთა მარცხენაფლანგელმა საგოლე ეპიზოდში დიდი როლი შეასრულა, მანამდე პირველ ტაიმში თავადაც გაიტანა და არ ჩაუთვალეს. და საერთოდ, შეტევაშიც ძალიან აქტიური იყო და დაცვაშიც ეხმარებოდა გუნდს. ნიდერლანდელებს მისი ფლანგიდან მწვავედ არც შეუტევიათ…
ნიდერლანდები – ეკვადორი 1:1
გოლები: 1:0 გაკპო (6), 1:1 ვალენსია (49)