რა ხდება ნიდერლანდებში ევრო-2020-იდან გავარდნის შემდეგ? ფანებმაც და სპეციალისტებმაც სხვადასხვაგვარი მოსაზრებები გამოთქვეს. ბევრი ითხოვს ფრანკ დე ბურის გადადგომას და დიდი ალბათობით, ასეც მოხდება. ბევრმა რუსი მსაჯი კარასიოვი დაადანაშაულა ჩეხეთთან წაგებაში, მატეის დე ლიხტი უსამართლოდ გააძევაო…
ნიდერლანდების ყოფილმა ვარსკვლავმა რუდ გულიტმა ცალკეული ფეხბურთელები დაადანაშაულა:
„ვეინალდუმი, დე იონგი და დეპაი მოედანზე ვერ დავინახე. იდეაში ისინი ლიდერები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ გაქრნენ. შესაძლოა, ჩეხებმა ამოკეტეს, მაგრამ ეს სირცხვილია. დიდი იმედგაცრუებაა.
…ვფიქრობ, დე ბურსაც გაუჭირდება ამ წაგების ახსნა. რატომ შეცვალა თამაში ჯგუფური ეტაპის მერე, რთული გასაგებია. გაშვებულ გოლამდეც მხოლოდ ერთი შანსი გვქონდა, რომელიც გოლით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მეკარემ ითამაშა კარგად. დე ლიხტის ეპიზოდს რაც სეეხება, ვფიქრობ, მსაჯმა სამართლიანად უჩვენა წითელი ბარათი“.
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რენე ვან დერ გიიპმა კი მემფის დეპაი გააკრიტიკა…
„დეპაი ბარსელონაში გადავიდა, მაგრამ მას გუნდში ვერ მიიღებენ. ნახევარ საათს ითამაშებს, მერე კი ლეო მესი ყურში უჩურჩულებს: „ჰეი, დიდი ხანია ფეხბურთს თამაშობ?“. ნიდერლანდებში ყველამ იცის დეპაის სტილი. უცნაურია, ყოველთვის რთულ გადაწყვეტილებას იღებს“.
და აი, დე ლიხტის კომენტარიც:
„ძალიან გაწბილებული ვარ. ჩემს გაძევებამდე თამაშს ვაკონტროლებდით. ფაქტიურად, ჩემი მოქმედების გამო წავაგეთ“.