ნიდერლანდებში ხუთი ქულისთვის მივდივართ

საქართველოს ნაკრები შაბათს, 12 თებერვალს, ამსტერდამში ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა საბრძოლო შემადგენლობა დაასახელა.
პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული მატჩუს შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში შვიდი ცვლილებაა. გუნდს დაუბრუნდნენ კოვიდ-მოხდილი მოთამაშეები.

სრულად შეიცვალა შერკინების პირველი ხაზი და თამაშს მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ლუკა ჯაფარიძე იწყებენ. თადარიგში გადაინაცვლა გურამ გოგიჩაშვილმა, ხოლო ტრავმირებული ბექა გიგაშვილის ნაცვლად, მეორე ბურჯად ნიკა ხატიაშვილს ვიხილავთ. კვაჭის პოზიციაზე გიორგი ჭყოიძე ბრუნდება.
მეორე ხაზში გრიგორ ქერდიყოშვილის ნაცვლად ლაშა ჯაიანს ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება. შემცვლელი კი, გიორგი ჯავახია იქნება.ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში. სანდრო მამამთავრიშვილმა თადარიგში გადაინაცვლა და მის ნაცვლად თამაშს გიორგი ცუცქირიძე იწყებს. ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს ოთარ გიორგაძემ და თორნიკე ჯალაღონიამ.

9 ნომრის პოზიციაზე დაბრუნდება ვასილ ლობჟანიძე. მგეზავად ისევ თედო აბჟანდაძე ითამაშებს. ფრთაზე მირიან მოდებაძის ნაცვლად ძირითადში დაწინაურდა დავით მესხი, რომელსაც პორტუგალიასთან დებიუტი ჰქონდა. მერაბ შარიქაძე, დემე თაფლაძე, აკა ტაბუცაძე და ლაშა ხმალაძე კვლავ დამწყებებს შორის არიან. შეცვლაზე არიან გელა აფრასიძე, გიორგი ბაბუნაშვილი და 18 წლის შუამარბი თორნიკე კახოიძე.

ლევან მაისაშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
“დაგვიბრუნდა სამივე კვაჭი, რომლებიც პირველ თამაშზე კოვიდ-ინფექციის გამო გამოგვაკლდნენ. ტრავმირებულია ბექა გიგაშვილი და მის ნაცვლად ნიკა ხატიაშვილს ვუხმეთ. ასევე ვირუსისგან გამოჯანმრთელდენენ და დაგვიბრუნდნენ გიორგი ცუცქირიძე და ლუკა ივანიშვილი, თუმცა ვარჯიშებზე გამოჩნდა, რომ ლუკას აღდგენითი პროცესი დასრულებული არ ქონდა და სამედიცინო ჯგუფის რეკომენდაციით, მომდევნო თამაშისთვის ვერ გამოვიყენებთ.
ადრეც არაერთხელ ვთქვი, რომ ამ თამაშებზე ექსპერიმენტებს მინიმალური რაოდენობით ვგეგმავდი, რადგან თამაშის დასტაბილურებაა საჭირო და შემადგენლობის მუდმივი როტაცია პრობლემებს ქმნის. სამწუხაროდ, პირველ თამაშზე ეს ვერ მოვახერხეთ, რადგან ბევრი ტრავმირებული და კოვიდ-ინფიცირებული მოთამაშე გვყავდა.
ნიდერლანდებში 5 ქულისთვის მივდივართ, თუმცა ეს შეხვედრა რუსეთთან მატჩისთვის მოსამზადებელ ეტაპადაც განიხილება და საშუალებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა დავაყენეთ.
მატჩი ამსტერდამში თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება .

საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. დავით მესხი, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე.

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლუკა ჯაფარიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. თორნიკე ჯალაღონია

16. გიორგი ჭყოიძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ნიკა ხატიაშვილი, 19. გიორგი ჯავახია, 20. სანდრო მამამთავრიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. გიორგი ბაბუნაშვილი

Leave a comment

Your email address will not be published.