ნიკა ამაშუკელი ახალ ეტაპზე გადავიდა. მსოფლიო რაგბიმ ის შვიდკაცა სერიებზე სამსაჯოდ მიიწვია.
ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი რეფერი ამ დონის ტურნირზე იმსაჯებს. ამაშუკელი ოთხ ეტაპზეა მივლენილი – დუბაი, სამხრეთ აფრიკა, ლონდონი და პარიზი.
ნიკა ამაშუკელი:
“სრულიად ახალ ეტაპზე გადავდივარ და სიხარულით ვიღებ ამ საინტერესო გამოწვევას. მსოფლიო რაგბიმ დააბრუნა ადრინდელი პრაქტიკა, რომლის თანახმად ტოპმსაჯები შვიდკაცა რაგბის უმაღლესი დონის ტურნირებსაც მსაჯობდნენ. ის კლასიკური განსხვავებული სპორტია, ბევრად უფრო მაღალი ტემპით და სხვა დატვირთვებით. ჩემთვის პრიორიტეტული კლასიკური რაგბია, რის შესახებ მსოფლიო რაგბის სამსაჯო კორპუსის მენეჯერ ჟოელ ჟუშსაც ვუთხარი. თუმცა მას სურს, რომ ნახოს როგორ მოვერგები ახალ გამოწვევებს და ეს დანიშვნა ჩემს კლასიკურ რაგბიში მოღვაწეობას ხელს არ შეუშლის.
მსოფლიო სერიებში დეკემბრიდან ჩავერთვები. დუბაისა და სამხრეთ აფრიკის შემდეგ, გაზაფხულზე ლონდონისა და პარიზის ეტაპებზე ვიმსაჯებ. ტურნირები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ცნობილ სტადიონებზე იმართება. გიწევს ბევრი მოგზაურობა, რაც დამატებითი სტრესია. მიუხედავად ყველაფრისა, მუდამ უნდა იყო კარგ ხასიათზე და იმ სამსაჯო ჯგუფის სასიამოვნო წევრი, ვისთანაც მოგიწევს მუშაობა.
შვიდკაცა რაგბი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ნაწილია. შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი გუნდურ სათამაშო სახეობებში და არის შანსი, რომ მომავალში იქაც მიმიწვიონ, რაც უდიდესი ბედნიერება იქნება.”