ნიკოლოზ ბასილაშვილი აგრძელებს წარმატებულ სვლას კანადის მასტერზე.
ტურნირის მეორე წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა 6:1 6:1 გაანადგურა მატჩის ფავორიტად მიჩნეული ალექს დე მინორი და 1/8 ფინალის საგზურიც მოიპოვა.
შეხვედრის სტარტი ბასილაშვილს ბრწყინვალე გამოუვიდა – ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და სოლიდური ჰანდიკაპით დაწინაურდა. არგენტინელმა ჩოგბურთელმა პრესტიჟის გეიმის მოგება შეძლო, რის შემდეგაც ნიკამ სეტი გამარჯვებით დახურა 6:1.
მეორე პარტიის სტარტზე ანგარიში 1:1 გახლდათ, როდესაც „ბასილამ“ აიწყვიტა და ზედიზედ 5 გეიმის მოგებით მატჩიც გამარჯვებით დაასრულა 6:1 6:1.
შეხვედრა 57 წუთს გაგრძელდა, რა დროის განმავლობაშიც ნიკას ანგარიშზე 6 ეისი და ორმაგი შეცდომა იყო. ქართველმა ჩოგბურთელმა ხუთჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება, საკუთარი კი არცერთხელ დაუთმია.
ბასილაშვილმა საკუთარ, პირველ ჩაწოდებაზე მხოლოდ 6 ქულა წააგო და ძალიან დამაჯერებლად ასპარეზობდა მთელი შეხვედრის განმავლობაში.
საქართველოს პირველი ჩოგანი კანადის მასტერსის 1/8 ფინალში პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში პირველად გააღწევს მასტერსის მეოთხედფინალში.