საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (N 31 მსოფლიო რეიტინგში) წარმატებული სტარტი აიღო როლან გაროსზე. ტურნირის პირველ წრეში ნიკამ 4 სეტში დაამარცხა დუშან ლაიოვიჩი (N 39 მსოფლიო რეიტინგში) 6:4 6:3 0:6 6:2.
შეხვედრის სტარტი სერბ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა – საწყის 5 გეიმში ლაიოვიჩმა ნიკა ორჯერ დააბრეიკა და 4:1 დაწინაურდა.
საქართველოს პირველი ჩოგანი დროულად გამოფხიზლდა, უკლო შეცდომებს და თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, რამაც შედეგი მყისიერად მოიტანა – ნიკამ ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და ფაქტობრივად წაგებული სეტის მოგება შეძლო 6:4.
მეორე პარტიის სტარტზე ამჯერად ბასილაშვილმა შეასრულა ადრეული ბრეიკი და 3:1 დაწინაურდა. წინა სეტისგან განსხვავებით ნიკა ბევრად უფრო დამაჯერებელი იყო საკუთარ ჩაწოდებაზე და იოლად ინარჩუნებდა 2 გეიმიან ჰანდიკაპს.
მე-9 გეიმში ნიკამ კიდევ ერთხელ დააბრეიკა მეტოქე და სეტიც სათავისოდ დაასრულა 6:3.
მესამე პარტია დუშანის დომინაციით გაიხსნა – სერბი ჩოგბურთელი ძალიან მარტივად იგებდა გეიმებს როგორც საკუთარ, ასევე მეტოქის ჩაწოდებაზე. 10 წუთში ანგარიში უკვე 3:0 იყო ლაიოვიჩის სასარგებლოდ.
ნიკამ „თავი აღარ მოიკლა“ ამ სეტის გადასარჩენად და მშრალი ანგარიშით წააგო პარტია, რომლის მიდინარეობა 21 წუთი იყო. ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილმა მხოლოდ 9 ქულა მოიგო.
მეოთხე სეტის სტარტი ამჯერად ქართველის უპირატესობით გაიხსნა – ნიკამ ჯერ საკუთარი ჩაწოდება მოიგო მშრალი ანგარიშით, მომდევნო გეიმში კი პირველივე ბრეიკპოინტის რეალიზება შეძლო და 2:0 დაწინაურდა.
მე-3 და მე-4 გეიმებში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, ნიკამ მოახერხა და სეტის ბოლომდე შეინარჩუნა ბრეიკიანი უპირატესობა, მე-8 გეიმში კი ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედ აიღო მეტოქის ჩაწოდება და შეხვედრას წერტილიც დაუსვა 6:4 6:3 0:6 6:2.
მატჩი 2 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილის ანგარიშზე 2 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა იყო, თავიმხრივ ლაიოვიჩმა 6 ეისის წილ 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ნიკამ იდეალურად ითამაშა ბადესთან – 13-დან 13 ქულა მოიგო, ქონდა 30 ვინერსი და 48 უნებლიე შეცდომა. დუშანის ანგარიშზე 20 ვინერსი და ამდენივე უხეში შეცდომა იყო.
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 5:1 გახდა ქართველის სასარგებლოდ (თიხაზე 2:1).
ნიკამ დიდი სლემის ტურნირებზე 4 მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. ბასილაშვილს ბოლო გამარჯვება 2020 წლის იანვარში უფიქსირდებოდა სამხრეთ კორეელ კვონთან (ავსტრალიის ღია პირველობა), როლან გაროსზე კი ქართველ ჩოგბურთელს 2017 წლის შემდეგ არ ქონდა მოპოვებული გამარჯვება(ზედიზედ 4 მარცხი).
როლან გაროსის მეორე წრეში ბასილაშვილი ალკარას/ზაპატა – მირალეს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება