“დენვერის” ვარსკვლავური ცენტრი ნიკოლა იოკიჩი გეგმავს გუნდთან ახალი – სუპერმაქსიმალური კონტრაქტი გააფორმოს. სერბი კალათბურთელი 5 წლის განმავლობაში 260 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს – ინფორმაციას ავრცელებს The Athletic.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ “ნაგეთსის” ხელმძღვანელები ტელეფონით დაუკავშირდნენ ნიკოლას, სერბმა კალათბურთელმა კი დაადასტურა, რომ კმაყოფილია იმ პროცესებით, რომელიც კლუბში ხდება.
ინსაიდერ სემა ემიკას ინფორმაციით, აპრილში იოკიჩმა განაცხადა, რომ დათანხმდება სუპერმაქსიმალურ კონტრაქტს, რადგან ძალიან მოსწონს “დენვერის” ორგანიზაცია და მისი შორს მიმავალი გეგმები.
გასული კვირის განმავლობაში “ნაგეთსის” ფრონტ-ოფისში სერიოზული გადანაცვლება მოხდა – საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტმა ტიმ კონნელიმ დატოვა თანამდებობა და სამუშაოდ “მინესოტაში” გადავიდა (ანალოგიურ პოზიციაზე), თუმცა ეს არანაირად არ იმოქმედებს ნიკოლას და “დენვერის” ახალ გასაფორმებელ კონტრაქტზე.
შეგახსენებთ, რომ იოკიჩი ზედიზედ მეორე სეზონია რეგულარული გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ სახელდება. 2021/22 წლების სეზონში ნიკოლა საშუალოდ მატჩში 27.1 ქულას, 7.9 პასს და 13.8 მოხსნას ასრულებდა. “ნაგეთსმა” რეგულარული გათამაშება 48 გამარჯვებით და 34 წაგებით დაასრულა, გუნდმა დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილი დაიკავა და პლეიოფში გავიდა, თუმცა იქ პირველივე ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას – 1:4 წააგო სერია “გოლდენ სტეიტთან”.